ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2019

ეკა ბესელია - “კობახიძემ ლეგიტიმაცია დაკარგა”

“ოცნება”, შესაძლოა, კიდევ 13-მა დეპუტატმა დატოვოს

მამუკა არეშიძე - „ივანიშვილმა ახლა მაინც უნდა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, თორემ...“

* * *

ეკა ბესელია - “კობახიძემ ლეგიტიმაცია დაკარგა”

“ვეღარ დავრჩებოდი იმ პარტიაში, რომელიც მეძვირფასება, რადგან ვხედავ მასში შემოღწეულ “ნაცმოძრაობას”. ბიძინა ივანიშვილს “ნაცმოძრაობა” რომ სძულს და არ უნდა მისი დაბრუნება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ბოლო პერიოდში პარტიის ნაბიჯები სახიფათოა, შესაძლოა დაგვაკარგვინოს მხარდამჭერები და გააძლიეროს ის ძალა. დარწმუნებული ვარ ამას შეგნებულად არ აკეთებს, ეს შეცდომების ბრალია. ჩვენი ხედვები ერთმანეთს ასცდა. სააკაშვილის რეჟიმი რომ არ დაბრუნდეს, ბოლომდე იბრძოლებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მეთოდები­ გაამართლებს თუ არა, დარწმუნებული არა ვარ. ამ ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს დარჩა “ოცნებაში” და მისი სახელით ლაპარაკობს, მიზანს ვერ მიაღწევს. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ისეთი რაღაცები მოხდა, ჩემი გადაწყვეტილება ლოგიკურია”, - აცხადებს პარტია “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი ეკა ბესელია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კობახიძემ ლეგიტიმაცია დაკარგა” / “ეს არ არის ის “ოცნება”, რაც მოვიტანეთ 1-ლ ოქტომბერს” / “ეს ჩვენ ვადანაშაულებთ მათ “ნაციონალური მოძრაობის” მფარველობაში. რატომ არ მისცეს ხმა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმად შეფასებას? აი, ეს იყო ლუსტრირება”.

“გვექნება კონსულტაციები ყველა იმ პირთან, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული. სხვა კოლეგებსაც ველოდები, ვისაც აქვს პროტესტის განცდა და უმრავლესობის დატოვებას აპირებს. შემდეგ გვექნება კონსულტაციები ფრაქციის შექმნის შესახებ. ბექა ნაცვლიშვილი ბოლო არ იქნება ვინც დატოვებს “ოცნებას”. არ მიკვირს, რომ მას პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. მე ვიბრძოლებ იმ მიზნისთვის, რის გამოც დავტოვე ჩემი პარტია. ბრძოლაში პოლიტიკურ ინსტრუმენტებს გამოვიყენებ, ნებისმიერს, რომელიც მიზანთან სწრაფად მიგვიყვანს. ამიტომ არა მხოლოდ ამაზე, სხვა უფრო საინტერესო გეგმებზე ვფიქრობ. “ნაცმოძრაობა” არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, არადა, მგონი, ჩემი უკვე ყოფილი პარტია ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებმაც შეიძლება გააძლიეროს წარსული რეჟიმი. “ქართულ ოცნებაშიც” ბევრია მათი იდეოლოგიის. ეს ჩვენ ვადანაშაულებთ ირაკლი კობახიძესა და სხვებს “ნაციონალური მოძრაობის” მფარველობაში - რატომ არ მისცეს ხმა “ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმად შეფასებას? აი, ეს იყო ლუსტრირება! ეს არ არის ის “ოცნება”, რაც მოვიტანეთ 1-ლ ოქტომბერს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.

“ივანიშვილს შევხვდი და ვუთხარი, რომ კამერებითა და პრესკონფერენციით არ გავაგებინებდი პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას, ეს არაკორექტულია. იყო მცდელობაც, ხომ არ ჯობია გადავდოთ კენჭისყრაო. ეს შედეგს არ შეცვლიდა, დროის გაჭიანურება იქნებოდა. იმის განცდა რომ მქონოდა, რამე შეიცვლებოდა, რა თქმა უნდა, დავეთანხმებოდი. გეტყვით, რატომ მოვითხოვე, დროზე განგვეხილა ეს საკითხი: გუნდში დაპირისპირება ძალიან გამწვავდა. ეს იმდენად ცუდად ჩანს გარეთ, ან უნდა წახვიდე, ან უნდა შეიცვალოს სიტუაცია. არადა, ვერ იცვლებოდა ისე, რომ კონფლიქტი დასრულებულიყო, რადგან სასამართლოს საკითხი ასე მარტივად არ გადაწყდება. სამართლიანობა და სამართალი ის ღირებულებებია, რომლებსაც არაერთი ადამიანი შეეწირა. ამ ბრძოლის ფასს ვერ გაიგებს ის, ვინც დღეს “ოცნების” სახელით ლაპარაკობს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თითქოს ერთმანეთში აიზილა ყველაფერი. ბევრს მოეძალა ცდუნება საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო ეს ძალა - მე ცალკეულ პირებს ვგულისხმობ: მაგალითად, ზარდიაშვილი სასამართლოს სახელით ლაპარაკობს (ზარდიაშვილი-მდინარაძე ერთად უნდა იგულისხმოთ), იმ პერიოდში, როცა მათიკაშვილი დეპუტატი გახდა, მისი მეუღლე მოსამართლედ დაინიშნა. კილაძეც ამ ჯგუფთან არის დაკავშირებული. რა აერთიანებთ? პირადი სარგებელი. კობახიძემ ლეგიტიმაცია დაკარგა - როდესაც სესიაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, ის მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ხვდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ახლა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე უფროა, ვიდრე პარლამენტის. რატომ განიხილავს საკითხს მათთან და არა დეპუტატებთან ერთად? გრძელდება ის, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა”, - დაასკვნის ბესელია.

“შეცდომა დაუშვა პარტიამ, როცა არ გამოიჩინა პრინციპულობა და დაჰყვა იუსტიციის საბჭოს სურვილებს. არ მოახდინა რეაგირება მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებსა და მათ ქცევებზე. არ ეყო რეფორმის სწრაფად გატარების გამბედაობა და შედეგად მივიღეთ უვადოდ დანიშნული გვრიტიშვილისა და მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები. მე ამოვწურე გუნდში ყველა ცდა, რესურსი და ვთქვი, რომ ახლა უკვე სხვა ეტაპი დადგა... რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას, ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ მიმაჩნია სწორად. ეს ინიციატივა მას არ უნდა შეეხოს. ჩუგოშვილს ვუთხარი, რომ ლოზუნგებისა და მოწოდებების დრო აღარ არის. ახლა ქმედებების დროა. დაიწყოს მოქმედება და პირველი მე მოვუწერ ხელს”, - დასძენს დეპუტატი და შეკითხვაზე - “რატომ ვერ აღდგა სამართლიანობა, რომელსაც საზოგადოება ასე ელოდება?” - პასუხობს:

“სამართლიანობის აღდგენას წარსულისგან განწმენდა, ცვლილებები სჭირდება. ეს შეუძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებთან ერთად... ვხედავ, როგორ დაჰყვა უმრავლესობა იუსტიციის საბჭოს ნებას. არადა, ეს სახიფათოა. ვითარება უნდა შეიცვალოს, თანაც ძალიან მალე”.

“ოცნება”, შესაძლოა, კიდევ 13-მა დეპუტატმა დატოვოს

“მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და უკვე გედევან ფოფხაძემაც ოფიციალურად დატოვეს "ქართული ოცნება", საპარლამენტო უმრავლესობაში 111 დეპუტატი დარჩა. ამ შემადგენლობას, შესაძლოა, კიდევ 13 დეპუტატი გამოაკლდეს, რომლებმაც ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ მხარი დაუჭირეს. “პარტიიდან უკვე გარიცხული დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ, პარლამენტის სხდომის პარალელურად, 21 თებერვალს “ოცნების” დეპუტატები იღებდნენ შეტყობინებებს, რომ ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, გაირიცხებოდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნება”, შესაძლოა, კიდევ 13-მა დეპუტატმა დატოვოს / “ივანიშვილი პარალელურად რეზერვის შექმნას იწყებს და რამდენმა დეპუტატმაც უნდა დატოვოს პარტია, მათ გადახალისებას მაინც შეძლებს”.

“პარლამენტის სხდომის შემდეგ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები ორჯერ შეიკრიბნენ. ივანიშვილმა პარასკევს, 22 თებერვალს, საგანგებოდ ოფისში შეკრიბა ყველა ის დეპუტატი, რომლებმაც კანონს მხარი დაუჭირეს. შიდა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ პარტიის თავმჯდომარისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღეს და ამჯერად გარიცხვას გადაურჩნენ, თუმცა ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ 13 დეპუტატიდან რამდენიმემ ან ყველამ დატოვოს პარტია. საგანგებო თათბირს პარტიის თავმჯდომარემ შაბათს - 23 თებერვალსაც უხელმძღვანელა. სავარაუდოდ, შეკრების მთავარი მოტივი პარტიასა და უმრავლესობაში შექმნილი კრიზისული ვითარება იყო. ეს კი იმ დეპუტატების სიაა, რომლებსაც ან გარიცხავენ ან პარტიას თავად დატოვებენ: რევაზ არველაძე, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან კობერიძე, გიორგი მოსიძე, კობა ნარჩემაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, ალექსანდრე ქანთარია, ოთარ ჩრდილელი და მირიან წიკლაური”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნების” დაშლის პროცესი დაწყებულია და ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ პროცესი შეაჩეროს”, - ასე აფასებს ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია მმართველ გუნდში დაწყებულ პროცესს. მისი თქმით, თუ აქამდე ინფორმაცია ჭორის დონზე გამოდიოდა, ახლა ყველაფერი ნათელია და მოსალოდნელია, ამ 4 დეპუტატის გარდა, პარტია კიდევ ბევრმა დეპუტატმა დატოვოს, რადგანაც “ოცნებაში” მძიმე სიტუაციაა და ყველა საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის იზრუნებს. მისი ვარაუდით, პარტიას ძველი ბირთვი დატოვებს. “სავარაუდოდ, “ოცნება” დაშლას ვერ გადაურჩება, რადგანაც, “ნაციონალებისგან” განსხვავებით, ამ პარტიაში ერთი იდეოლოგიის ირგვლივ გაერთიანებული ხალხი არ არის. მათ ერთი ადამიანი აერთიანებთ მხოლოდ და საზოგადოებაში ავტორიტეტის დაკარგვის შემდეგ იგი მათთვისაც ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი ვეღარ იქნება”, - ამბობს კაკაჩია, რომლის თქმით, “ის დეპუტატებიც კი, რომლებიც პარტიის დატოვების კანდიდატებად არ მოიაზრებიან, იფიქრებენ, მომავალი პოლიტიკური კარიერა რას ან ვის დაუკავშირონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახლა ივანიშვილის ქცევა გასაგებია, რომელიც გამალებულად დეპუტატებს იბარებს და აფრთხილებს, რომ პარტია არ დატოვონ. იგი არა მხოლოდ პარტიაზე, არამედ საკუთარ მომავალზეც ზრუნავს, რადგან მშვენივრად იცის, რა მოხდება, თუ მმართველი პარტია ჩამოიშლება. ის ცდილობს, 2020 წლამდე პარტია ამ შემადგენლობით მიიყვანოს, ახალი ადამიანებით დააკომპლექტოს და დღევანდელი სტატუს კვო მაინც შეინარჩუნოს. “ქართული ოცნების" ამომრჩეველი ერთგვაროვანი არ არის და, ბუნებრივია, რომ ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დატოვება ამომრჩევლის რაღაც ნაწილს გაიყოლებს. ამიტომ ახლა მთავარია, ივანიშვილი ვისზე დასვამს პარტიაში მთავარ აქცენტს, თუ ლიბერალურ ფრთაზე, რომელიც “ოცნების” კონსერვატიულ ამომრჩეველში არცთუ პოპულარულია, ეს მას დიდი ზიანს მოუტანს. ივანიშვილი სხვადასხვა, ყველა ჯგუფზე ითამაშებს და არჩევნების დროს ვისზეც უფრო შესაძლებელი იქნება დაყრდნობა, იმას დაეყრდნობა. “პატრიოტთა ალიანსი” ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელსაც, სავარაუდოდ, ბესელიასთან მჭიდრო ურთიერთობა ექნება, რაც “ოცნებისთვის” კარგის მომტანი არ უნდა იყოს. ამიტომაც მას ამ კუთხითაც სამუშაო ექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

კონსტიტუციონალისტი, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ თუ დეპუტატები “ოცნებას” დატოვებენ, ამით ზიანი არც ქვეყანას და არც თავად პარტიას არ მიადგება. მმართველ გუნდს საპარლამენტო უმრავლესობა მაინც რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხელისუფლების დაკომპლექტებას კვლავაც შეძლებს. თუმცა ეს პროცესი ივანიშვილისა და პარტიის ავტორიტეტს აზიანებს და ისედაც რეიტინგდაკარგულ მმართველ გუნდს ამომრჩევლის ნდობას აკარგვინებს. “არ არის გამორიცხული, “ოცნებამ” საკითხი ისე დასვას, რომ მათ მოახდინეს პარტიის რებრენდინგი და ახალი სისხლი გადაისხეს. ამის შემდეგ კი ქვეყანაში იმ დაპირებების შესრულებას იწყებენ, რასაც ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ იძლეოდა. “ოცნების” ელიტა შეგუებულია, რომ პარტიიდან ხალხს დაკარგავენ, თუმცა მისი გადახალისება მოხდება და ფიქრობენ, რომ ამით ამომრჩეველს რაღაც ახალს შესთავაზებენ”, - ამბობს ძაბირაძე. მისი აზრით, “პარტიას ის ხალხი ტოვებს, რომლებმაც ისედაც იცოდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნების” სიაში ვეღარ მოხვდებოდნენ. ამიტომაც ბევრი ასეთი ადამიანი პარტიის დატოვებას შეეცდება”, - დასძენს გამოცემა.

“ივანიშვილი თამაშობს, რომ პარტია ამ სახით 2020 წლამდე მიიყვანოს. თან პარალელურად რეზერვის შექმნას იწყებს, რომ მისი რიგები შეავსოს”, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებს. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თუ ეს 13 დეპუტატი პარტიას თავისი სურვილით არ დატოვებს და არც გარიცხავენ, მათ 2020 წლის არჩევნებისთვის ვეღარ ვიხილავთ. ივანიშვილი კი პარტიას შეინარჩუნებს, თუმცა ამომრჩევლის შენარჩუნება კიდევ უფრო გაუჭირდება. “ივანიშვილის მხრიდან ეს არის ორ ფრონტზე თამაში. ის, ერთი მხრივ, ცდილობს გუნდის ძველი სახით შენარჩუნებას, რათა 2020 წლამდე დრო მოიგოს და მათი ადგილი ახალი სახეებით შეავსოს. პარალელურად კი რეზერვის შექმნას იწყებს და რამდენმა დეპუტატმაც უნდა დატოვოს პარტია, მათ გადახალისებას მაინც შეძლებს. აქ უკვე საუბარი იმაზეა, ვინ და რა წონის მქონე ხალხი იქნება, რადგანაც "ოცნების" რეიტინგი საკმაოდ დაბლაა წასული და თან ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობა ორჯერ მეტად პოლიტიკურ პარტიას შანსს აღარ აძლევს. მით უმეტეს, რომ ივანიშვილს დაპირებების შესრულება პარტიაში ასეთი სიტუაციის ფონზე ძალიან გაუჭირდება. შეიძლება მან ეს სიტუაცია ისედაც კი წარმოაჩინოს, რომ გუნდში ახალი სახეების გადახალისებას ახდენს, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე, თუმცა “არ ჰგონია, რომ “ოცნებამ” ამომრჩეველი შეინარჩუნოს”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა არეშიძე - „ივანიშვილმა ახლა მაინც უნდა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, თორემ...“

“თუ მიმდინარე მოვლენებს ერთი ფრაზით შევაფასებთ, თვალსაჩინოა, რომ მმართველი ძალა სუსტდება. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო “ქართული ოცნებიდან” მისი ლიდერების წასვლის ციკლი, რაც, ალბათ, გაგრძელდება. პარტიაში დაგროვილი უარყოფითი მუხტი, ვფიქრობ, ახლა მთელი ძალით იფეთქებს და უთანხმოება, რომელიც სხვადასხვა თემის ირგვლივ სხვადასხვა დროს წარმოიშვა და შეიძლება აქამდე ხმამაღლა არც თქმულა, უფრო გამძაფრდება... ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" დაშლის პროცესი დაწყებულია”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ივანიშვილმა ახლა მაინც უნდა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, თორემ...“ / “საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება კი არ მივიღოთ, არამედ ვნახოთ ბრძოლა “ქართული ოცნებიდან” წასულებსა და დარჩენილებს შორის, რაც საზოგადოებას უფრო დაანაწევრებს” / “ამ პორტების მშენებლობაში რუსეთი აშკარად ხედავს სამხედრო-პოლიტიკურ შემადგენელს და ამით ძალიან ღიზიანდება” / “კლანის ძალა ეფემერულია. ერთი ხელის მოსმით შეუძლია “ქართულ ოცნებას” ამ ძალის - ამ საპნის ბუშტის გაცამტვერება, ოღონდ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება”.

“არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდში ვითარებას ვეღარ აკონტროლებს. უმრავლესობის ყველა წევრს აშკარად აქვს განცდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრია. ფაქტობრივად, ბოლომდე ამ პოზიციაზე იყო ეკა ბესელიაც. ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული როლი სასამართლოების თემამ ანაც ამ მახინჯი კოაბიტაციის მიმართ დამოკიდებულებამ კი არ ითამაშა, არამედ იმან, რომ საიდანღაც გვერდიდან მოსულმა, ამბიციურმა ახალგაზრდებმა მოიწადინეს ე.წ. ძველი გვარდიის თავზე დაჯდომა, რისი უფლებაც ივანიშვილმაც მისცა. რაც შეეხება ვითარების კონტროლს, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ვითარებას ახლაც აკონტროლებს. ეს ჩანს თუნდაც იმით, რომ მან ერთ-ერთი ჯგუფის მხარე დაიჭირა და აღარ მოინდომა პარტიაში ძალების დაბალანსება. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, ჩემთვის გაუგებარია... ალბათ, გახსოვთ, რომ ვთქვი, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ხანძრის ჩასაქრობად-მეთქი. მან ეს არ მოინდომა... ჩემი აზრით, მას ჰქონდა ხანძრის ჩაქრობის რესურსი. რატომ არ მოინდომა, არ ვიცი. საინფორმაციო ვაკუუმშიაო, ვერ ვიტყვით. ყველაფერს თავი დავანებოთ, იმ ჯგუფშიც, რომელსაც მან მხარი დაუჭირა, ერთსულოვნება არ არის - მაგალითად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილის პოზიცია აშკარად განსხვავებულია ჯგუფის სხვა წევრების პოზიციისგან. ეს პოზიცია საჯაროა და ამის შესახებ ყველამ ვიცით...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა მივაქციოთ ყურადღება, ზოგიერთი ე.წ. ძველი დეპუტატი პირად შეურაცხყოფად იღებს ახალგაზრდების ქმედებებს. ლაპარაკია იმ ამბიციურ მიდგომებზე, რასაც ეს ახალგაზრდები ამჟღავნებენ, ამიტომაც ვეტერანების კორპუსი მთლიანად შეიძლება არ წავიდეს პარტიიდან, მაგრამ ნაწილი აუცილებლად წავა. ვფიქრობ, ახლა მაინც უნდა გადადგას პარტიის თავმჯდომარემ რადიკალური ნაბიჯები, რაც ამ პროცესს შეაჩერებს. სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად დაიშლება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ - პარტიაც, დაშლილი პარტიის საფუძველზე შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებს კი საზოგადოებაში თავიანთი მხარდამჭერები ეყოლებათ, რაც ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის. საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” დაპირისპირება კი არ მივიღოთ, არამედ ვნახოთ ბრძოლა “ქართული ოცნებიდან” წასულებსა და დარჩენილებს შორის, რაც საზოგადოებას უფრო დაანაწევრებს. ამ ვითარებაში წარმოუდგენელი იქნება იმ პრობლემების მოგვარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაჰპირდა. ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვება ის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ძალიან ცუდად წავა “ქართული ოცნების” საქმე... ეკა ბესელია რომ ჭკვიანი პოლიტიკოსია, ეს ამ ბოლო თვეებმაც გამოაჩინა. მას, შეიძლება ითქვას, შეცდომა არ დაუშვია, იყო თანამიმდევრული, პაუზების დროსაც კი სწორად არჩევდა. ბესელიას გუნდს ძალიან მალე დიდი რესურსის შემოკრება შეუძლია. მომავალში რას იზამენ, თუნდაც არჩევნებისთვის, ვერ გეტყვით...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემთვის კვლავაც ბნელით არის მოცული რა დამსახურებისთვის იცავენ ასე გავეშებით ჩინჩალაძე-მურუსიძის ტანდემსა და მათ გუნდს. რად უნდათ, რაში სჭირდებათ ეს ხალხი? ეს პროცესი ხომ უპირველესად სასამართლო სისტემასა და სახელმწიფოს აზარალებს! ქვეყანაში არის უამრავი პატიოსანი და პროფესიონალი მოსამართლე, რომელთა მონაწილეობითაც უნდა განხორციელდეს ამ სისტემის რეფორმა... ჩემი აზრით, კლანის ძალა ეფემერულია. ერთი ხელის მოსმით შეუძლია “ქართულ ოცნებას” ამ ძალის საპნის ბუშტის გაცამტვერება, ოღონდ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ამ საკითხით დაინტერესებული ვარ და შევეცადე, კარგად ჩავწვდომოდი თემის არსს; მაგალითად, დავინტერესდი, გამერკვია, რა გავლენას ახდენენ ეს ადამიანები სხვა მოსამართლეებზე. დიახ, ისინი ახდენენ გავლენას გარკვეულ ჯგუფზე, ახერხებენ მათით მანიპულირებას, თუმცა სისტემაში მათი გავლენისგან თავისუფალი არაერთი დამოუკიდებელი და პატიოსანი მოსამართლეა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თიბისი ბანკის” საკითხიც ბურუსით მოცული ამბავია და აქაც ჩვენი ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. უპირველესად უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად ომებისა და ათასი უბედურებისა, საქართველოში ძალიან სწრაფად შეიქმნა სტაბილური საბანკო სისტემა, რაც ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ვერ შეძლო და ამაში დიდი როლი ითამაშა “თიბისი ბანკმაც”... ამგვარი ტრანზაქციები, რასაც "თიბისის" ედავებიან, ვფიქრობ, მსოფლიოს წამყვან ბანკებშიც ხორციელდება. აშკარაა, რომ 11 წლის წინანდელი ამბავი მხოლოდ საბაბია - მომხდარი გამოიყენეს მაშინ, როცა დასჭირდათ. რატომ? - აი, ეს არის მთავარი კითხვა და მასზე ერთი პასუხი არ არსებობს... თუ “თიბისი ბანკის” თემას განზე გადავდებთ და პორტების თემას განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ძალიან მძიმე ვითარებასთან გვაქვს საქმე. ვერსია, რომ რუსებს არ სურთ ანაკლიის პორტის აშენება, ამიტომ მოსკოვიდან დარეკეს და ივანიშვილს უთხრეს, გაჩერდიო, ჩემი აზრით, უაღრესად მიამიტურია, რადგან ამ პორტის მშენებლობით ძალიან სერიოზული ძალები არიან დაინტერესებული. ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია და ამას ადასტურებს ერთი ფაქტიც - მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი შეთანხმება არ არსებობდა, სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარი გამოყო კონსორციუმისთვის, რათა მშენებლობის პროცესი უფრო დინამიკური ყოფილიყო...” - განმარტავს მამუკა არეშიძე.

“მოგეხსენებათ, ფართოვდება და შენდება პორტი ფოთშიც. მართალია, უფრო ნაკლები სიმძლავრის, მაგრამ ისიც ღრმაწყლოვანი უნდა იყოს და ამისთვის სამუშაოები ფორსირებულად მიმდინარეობს. ისმის კითხვა: ამ პატარა საქართველოში ერთმანეთის გვერდით ორი ამხელა პორტი ვის სჭირდება და რა შედეგის მომტანი იქნება? როგორც ერთი, ისე მეორე პორტის უკან დგანან ძალიან დიდი ფინანსური ჯგუფები, მათ შორის - ამერიკულიც. როგორც ვიცი, ქვეყნის ხელმძღვანელობაც ორივე პორტის მშენებლობაში იყო ჩართული. ვიცი ისიც, რომ იყო უთანხმოებაც, მაგალითად, ხელისუფლების ერთ ჯგუფს სურდა, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური შემადგენელი გაჩენილიყო, თუმცა მეორე ნაწილი ამას ეწინააღმდეგებოდა და მიზეზად პროცესში ჩართული ამერიკული მხარის პოზიციას ასახელებდა. მოკლედ, სიმართლის გარკვევა ძალიან ძნელია, თუმცა დანამდვილებით ვიცი ერთი რამ - ეს ხმაური და აურზაური ქვეყანას აზარალებს. ამ განსაკუთრებული გამოწვევების ვითარებაში ყოვლად გაუგებარია ის, რაც ხდება მმართველ ძალაში, ან რაც მოხდა "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით. ხომ ცხადზე ცხადია, რომ ამ პორტების მშენებლობაში რუსეთი აშკარად ხედავს სამხედრო-პოლიტიკურ შემადგენელს და ამით ძალიან ღიზიანდება. მან შეიძლება ვერც ვერაფერი გააკეთოს ამ პროცესების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენი უთავობით და დაპირისპირებებით პრობლემებს თუ შევქმნით, ბუნებრივია, ამას ჩვენი მტრები გამოიყენებენ”, - ამბობს ექსპერტი.

“ისეთ მიღებას, როგორიც სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში მოუწყვეს, ან როგორი შეხვედრაც მერკელთან ჰქონდა, ძალიან ბევრი პრეზიდენტი ინატრებდა. გაოცებულიც კი დავრჩი. უნდა ითქვას, რომ ეს შეხვედრები იყო უაღრესად მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაშიც ქართული მხარისა და იმ გუნდის წვლილია, რომლის წევრადაც ყოველთვის მოიაზრებოდა სალომე ზურაბიშვილი. ეს არ არის მხოლოდ ფრანგული გუნდი, ეს არის ევროპული გუნდი... ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტოდ საინტერესო შეხვედრები. მისი ვიზიტების ეს ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაკრონთან შეხვედრით დაწყებული და 27 თებერვალს აზერბაიჯანში ვიზიტით გაგრძელებული...” - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა დეოკუპაციის მიმართულებით მეტად რადიკალური პოზიცია წარმოაჩინა, რაც მისაღები აღმოჩნდა ევროპელი კოლეგებისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტმა ეს პოზიცია ამ ვიზიტებამდეც გამოხატა. ვფიქრობ, ამას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება. აშკარად გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი დიპლომატიური რესურსი და ამ რესურსის გამოყენებისთვის მაქსიმალურად იხარჯება. სხვათა შორის, მან ჟენევის მოლაპარაკებებზეც გაამახვილა ყურადღება. თქვა, რომ ამ ფორმატმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ილაპარაკა ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობაზეც, რაც სწორი გზავნილია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთი წარმატებული ვიზიტი კი არ იყოს, არამედ იქცეს ხანგრძლივი პროცესის ნაწილად. ამისთვის აუცილებელია ამ მიმართულებით ხელისუფლების სხვა შტოების კოორდინირებული და სწორი მოქმედება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც საგარეო პოლიტიკური ცხოვრება ასეთი დაბალანსებული დღის წესრიგით წარიმართება, ქვეყნის შიგნით კი ასეთი აურზაურია, ეს ქმნის კონტრპროდუქტიულ ვითარებას და ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის... დღეს საზოგადოება არის დაბნეული, დაშლილი და გაღიზიანებული, რაც ქვეყნის ცხოვრებისთვის ძალიან ცუდია”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა