აზიის უმსხვილესი სპეციალური ეკონომიკური ზონა ანაკლიასთან თანამშრომლობით დაინტერესდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი 20-24 თებერვალს კამბოჯაში ქალაქ პნომპენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები კამბოჯის სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებელი და ოპერატორი PLc-ის მიწვევით იმყოფებოდნენ და ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ PLc-ი ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან პარტნიორობით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის კონსორციუმის გუნდს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა პროექტების, ბიზნესმოდელებისა და სერვისების განვითარების კუთხით გაუზიარეს.

ამასთან, კამბოჯაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ინვესტორთა ობიექტებიც მოინახულეს. შეხვდნენ კამბოჯის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფ LCH-ს, რომელმაც იაპონურ კომპანიებთან ერთად შექმნა პნომის სპეციალური ეკონომიკური ზონა. ასევე, მოლაპარაკებები გამართეს უდიდეს კომპანიებთან - Nippon Еxpress, Bok Seng Group, MinebeaMitsumi, Тоyota Тsushi-სა და SVI Public-Thailand-თან და მათი საწარმოები დაათვალიერეს. აღნიშნული კომპანიები საქართველოთი და, კონკრეტულად, ანაკლიის სპეციალური ზონით დაინტერესდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობა. სასიხარულოა, რომ კამბოჯის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმან კომპანიას ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობა სურს. პნომპენის ზონა ძალიან საინტერესოა, რადგან იქ წარმოდგენილ კომპანიებს შორის 54% იაპონურია და მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტია. ეს ნიშნავს ხარისხიან ინვესტიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალ კორპორაციულ მმართველობას. მალე მათ წარმომადგენლებს საქართველოში ველოდებით“,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის თქმით კი ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 475 ჰა-ზე განთავსდება, მოიზიდავს 1,04 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და 16 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

„ეს იქნება პირველი თანამედროვე ლოგისტიკური და ინდუსტრიული სივრცე, სადაც კომპანიებს შევთავაზებთ პორტთან და რკინიგზასთან ინტეგრირებულ ზონას, ოპერაციების გამარტივებულ სისტემას. ჩვენი მიზანია, ანაკლია საერთაშორისო და მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვის, ხოლო ადგილობრივი კომპანიების განვითარების პლატფორმა გახდეს“, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

PLc-ი პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმანია, რომელმაც 2008 წელს დაიწყო ოპერირება და მასში წამყვანი კამბოჯური და იაპონური ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი. 400 ჰექტარზე განთავსებულ ეკონომიკურ ზონაზე დღეისთვის აშშ-ის, იაპონიის, სინგაპურის, ტაილანდის, ავსტრალიის, კორეისა და სხვა 14 ქვეყნის 95 კომპანია მუშაობს. ზონის განვითარებაში 600 მილიონის ინვესტიციაა ჩადებული და 19 000-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. ზონის კლიენტებს შორის ისეთი კომპანიები არიან, როგორებიცაა Coca Cola, Denso, Toyota, Nippon Express, Yusen Logistics, Meikodo, American Licorice, Yamaha Motors, Ajinomoto და სხვა. 2016 წლიდან PLc დარეგისტრირებულია კამბოჯის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე (CSX), მის მენეჯმენტში იაპონური კომპანიაა ჩართული, ხოლო აქციონერები ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები არიან. ამჟამად, PLc-ის ამბიციურ გეგმებში არსებული ზონების გაფართოება, ახალი პროექტების განხორციელება და სხვა საერთაშორისო ბიზნესთან ინტეგრირება შედის.

კონსორციუმის ინფორმაციით, მარტის დასაწყისში დაგეგმილია პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის აღმასრულებელი დირექტორის ჰიროში იემაცუსა და იაპონური კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. მათი მიზანია ანაკლიის პორტის პროექტთან თანამშრომლობა და ანაკლიაში იაპონური კომპანიების მოზიდვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა