ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატი - ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს

სირცხვილია „ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგიას თანაგუნდელების, დღეს რომ ხმას არ იღებენ. მათაც ეშინიათ, რომ გვერდში არ მიუსვან გოგიას. ქვეყანაში დიქტატურა და ადეიშვილის პროკურატურა, კუბლაშვილის სასამართლო მყარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა.

როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, რაზეც აუცილებლად ისაუბრებს. თუმცა, რის თქმას აპირებს ზუგდიდის ყოფილი მერი, ადვოკატი არ აკონკრეტებს. ადვოკატის თქმით, გოგიას ქრთამი არ აუღია და ის „ქართული ოცნების“ წევრისა და მაჟორიტარ-დეპუტატ ედიშერ თოლორაიას მსხვერპლია, რომელსაც ადვოკატის განმარტებით, ხელისუფლებაში ძლიერი დასაყრდენი ჰყავს.

„ლაშა გოგია საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მატარებელი პიროვნებაა, რადგან ეს ადამიანი ზუგდიდის მერობის გარდა, სახელმწიფო სამსახურში უამრავ პოზიციაზე მუშაობდა. ის ბევრი რამის თქმას აპირებს, ისაუბრებს ყველაფრის შესახებ, რადგან გოგია ქვეყანას უმწიკვლოდ ემსახურებოდა.

ეს კაცი არის გაწირული იმის გამო, რომ ვიღაც გაზულუქებული ჩინოვნიკი შეკრულია ბიზნესმენებთან და ერთობლივად რაღაც საქმიანობებს ახორციელებდა, ზუგდიდის მიწებთან დაკავშირებით. ლაშა გოგია მსხვერპლი არის საქართველოს პარლამენტის, „ქართული ოცნების“ წევრისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას. თოლორაია დგას ბიზნესმენ ზურა კვირკვიას უკან, რომელმაც ამ საქმეში პროვოკაცია მოახდინა. მისი ჩვენების საფუძველზე არიან დაპატიმრებული, როგორც ზუგდიდის მერი, ასევე დანარჩენი პირები. კვირკვია რკინიგზის სადგურისა და ავტოვაგზლის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების იჯარის წესით გადაცემას ითხოვდა, რაზეც მან თანხმობა ვერ მიიღო.

თოლორაიას შეიძლება, მიწის გარდა სხვა ინტერესიც ჰქონდა, მაგალითად, ლაშა გოგია მერობის თანამდებობიდან მოეხნა და შემდეგ გზა გახსნოდა ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მჟავანაძემ.

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ლაშა გოგია მხოლოდ ერთი პირის, ერთი ბიზნესმენის ჩვენების საფუძველზეა დაკავებული.

„ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთი კაცის ჩვენებით, ეჟოვის და იაგოდას დროს არ იჭერდნენ ხალხს. არც ფულის გადაცემაა, არც ოპერატიული მასალაა. ჩანაწერშიც, საუბარია, რომ ფული ვიცე-მერმა აიღო, გოგია ეუბნება, თუ ვინმემ აიღო ფული, მოსთხოვეო. კვირკვიამ პირველი ჩვენებისას თქვა, რომ ფულის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რამდენიმე დღეში ჩვენება შეცვალა. რომელ ჩვენებას დავუჯერო? ამ ადამიანს ორი პასპორტი აქვს, საქართველოში კვირკვიაა, რუსეთში ოგნევი, დაკითხვის ოქმში მითითებული მისი საიდენტიფიკაციო ნომერი არ არსებობს, შსს-მ ასეთი პიროვნება არ იძებნებაო. ჩანაწერი ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა, „რუსთავი2“-ზე გავიდა, ვიღაცას ამის დანაშაული რომ დაენახა, ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავდენ? თოლორაია დანაშაულის შეუტყობინებლობაზე უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში, გამოძიება შერჩევით მართლმსაჯულებას ახორციელებს“, - აცხადებს მჟავანაზე.

ადვოკატი საუბრობს, რომ ედიშერ თოლორაიას ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს.

„როგორც ჩანს, თოლორაიას პატრონები ჰყავს მაღლა, ამ ხელისუფლებაში და როგორც ჩანს, მის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს. იმ ადამიანთან მივიდა და იმ ადამიანს მოახსენა ეს ყველაფერი, ვინც ქვეყანაში ბევრ რამეს წყვეტს. რამდენადაა ამაში ბიძინა ივანიშვილი ჩართული, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ადამიანი იმის გამოა დაკავებული, რაც არ ჩაუდენია. ქობალიაც და ბაღათურიაც მძევლებად ჰყავთ აყვანილი, რომ გატყდნენ და ჩვენებები გოგიას წინააღმდეგ მიაცემინონ“, - განაცხადა მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა