ბექა დავითულიანი - საკრებულოს უმრავლესობაში დაშლის და გაყოფის საკითხი ჯერჯერობით არ დგას

საკრებულოს უმრავლესობაში დაშლის და გაყოფის საკითხი ჯერჯერობით არ დგას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განუცხადა.

„ჩვენ ვიცით ის საკითხი, რომლის გამოც საპარლამენტო უმრავლესობაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მათ აქვთ მისაღები გადაწყვეტილებები, მათ შორის უმრავლესობას და მთლიანად პარლამენტს. ამის გამო აქვთ აზრთა სხვადასხვაობა. საკრებულოს წინაშე ეს საკითხი არ დგას პირდაპირ და არ შედის საკრებულოს უფლებამოსილებაში, ამიტომ პირდაპირ არ აისახება საკრებულოს უმრავლესობაზე,“ - განაცხადა დავითულიანმა.

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობიდან წასვლის სურვილი არც ცალკეულ დეპუტატებს გამოუთქვამთ.

„საკრებულოს უმრავლესობა ამ ეტაპზე ერთიანია. განწყობები რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგ შემთხვევაში სხვადასხვაა, მაგრამ ეს არ ეხება საკრებულოს საკითხებს და მის კომპეტენციას. აქედან გამომდინარე უმრავლესობაში დაშლის და გაყოფის საკითხი ჯერჯერობით არ დგას. ცალკეულ დეპუტატებსაც არ გამოუთქვამთ და ამ ეტაპამდე არ გამოთქვამენ წასვლაზე სურვილს“, - განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება დეპუტატ ვატო შაქარაშვილის განცხადებებს, დავითულიანი პასუხობს, რომ გუნდიდან წასვლის განწყობა არც შაქარაშვილს აქვს.

„მოსაზრების გაჩენას ხომ უნდა ჰქონდეს კონკრეტული საფუძველი?! ვატოს კონკრეტულად ასეთი განწყობა არ ჰქონია. თუ ექნება, არ დაგიმალავთ, მაგრამ არ აქვს და ნუ დავაბრალებთ. ვატომ არ მოიწონა კონკრეტული გადაწყვეტილება. შეგიძლიათ მას ჰკითხოთ სიღრმეზე ამ გადაწყვეტილების, მაგრამ ეს ავტომატურად რა თქმა უნდა, არ იწვევს საკრებულოში უმრავლესობის პრობლემებს,“ - დასძინა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიასა და მისი გუნდის მიერ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში ჩაგდებას ვატო შაქარაშვილმა „უტიფრობა“ უწოდა. დაანონსდა შაქარაშვილის და საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატის - ჯაბა ჯიშკარიანის ბრიფინგიც მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა