ანსამბლ „რუსთავს“ ანზორ ერქომაიშვილი აღარ უხელმძღვანელებს

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „რუსთავი“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანსამბლ „რუსთავის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

დღიდან დაარსებისა, 50 წლის განმავლობაში ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი იყო, რომელიც ანსამბლის წევრმა, მომღერალთა დასის ხელმძღვანელმა გიორგი ნატროშვილმა შეცვალა.

გიორგი ნატროშვილი ანსამბლ „რუსთავში“ 30 წელია საქმიანობს. ის ანსამბლის „მართვე“ აღზრდილია. დამთავრებული აქვს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

„ანსამბლს წელს 50 წელი შეუსრულდა. მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა და ცნობადობისა, საჭიროა ახლებური ხედვა და განვითარება, ახალი გამოწვევების მიღება და ზოგადად სიახლეები. თუმცა, ჩვენი რეპერტუარი და ფასეულობები უცვლელი დარჩება“,-განაცხადა გიორგი ნატროშვილმა.

რაც შეეხება ანზორ ერქომაიშვილს, ის ანსამბლში რჩება და მუსიკალური ხელმძღვანელი იქნება.

„1968 წლიდან ანსამბლს ვუდგავარ სათავეში. მალე 80 წლის გავხდები. საჭირო იყო ახალი ძალა და შემართება, რაც ახალგაზრდების და ზოგადად მომავალი თაობის პრეროგატივაა. გიორგი ნატროშვილის არჩევა დემოკრატიული გზით მოხდა და ანსამბლის წევრებმა სამხატვრო ხელმძღვანელად სწორედ გიორგი აირჩიეს. წარმატებას ვუსურვებ მას. მე ვრჩები ანსამბლში მუსიკალურ ხელმძღვანელად“,-აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

ანსამბლის დირექტორის, ამირან თოიძის განაცხადებით, გიორგი ნატროშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე, „რუსთავის“ ტრადიციებს ღირსეულად გააგრძელებს.

„მე და გიორგი ნატროშვილი ანსამბლ „მართვედან“ ერთად მოვდივართ და კარგად ვიცნობ მას. ის საქმის მცოდნე და გაწონასწორებული პიროვნებაა. დასის მხრიდან მას ნდობა და ავტორიტეტი გააჩნია“, - აცხადებს ამირან თოიძე.

მისივე ინფორმაციით, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა დასსა და მოცეკვავეებს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ დაგეგმილი. მათ შორის, საგასტროლო კონცერტები, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო „რუსთავის“ პოპულარიზაციისთვის, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად.

ანსამბლი „რუსთავი“ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დაარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ საქმიანობას.

დღიდან დაარსებისა ანსამბლს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა