რომან კაკულია - 2012 წელს „ქართული ოცნება“ სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" ტყუილთან, ახლა ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება

2012 წელს „ქართული ოცნება“ სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" ტყუილთან, ახლა ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს კაკულიას მისივე ნათქვამი შეახსენა, „არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ერჩივნოს ხალხს თავი დაამახსოვროს არა როგორც ქველმოქმედმა, არამედ ისტორიაში ორი მოსამართლის - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მხარდამჭერის სახელით შევიდესო“. „კვირის პალიტრის“ კითხვაზე, კვლავ ხედავს თუ არა დეპუტატი ამ საფრთხეს, კაკულიამ უპასუხა - „რა თქმა უნდა“.

„საზოგადოება არ არის ისე განვითარებული, რომ მას ღირსეული დემოკრატიის შექმნა შეეძლოს, ამიტომაც არსებობს დღეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტები და მთელი ეს მანქანა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რათა ისტორიაში სწორედ ამ ორი მოსამართლის მხარდამჭერის სახელით შევიდეს და არა ქველმოქმედებით. ამიტომაც, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად დაფიქრება მართებს, რა წონა აქვს ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა გადაამოწმოს ის დეტალები, რომელთა შესახებაც ჩვენ შესაძლოა, არ ვიცით, ან ის ღირებულებები, რომ თითქოს ჯობია სასამართლოს თვითდაწმენდის საშუალება მიეცეს, ვიდრე ქირურგიულად ჩავერიოთ მასში. ცალკე აღებულ ამ თეორიას შესაძლოა, ვეთანხმებოდი კიდეც, მაგრამ დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. თუნდაც ფიქრობდე, რომ უსამართლოდ შეგიბღალეს ავტორიტეტი, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაგამარცხა (ამაში სწორედ იმ საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებს ვგულისხმობ), ამ პროცესის მიმართ სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო, რადგან გინდა თუ არა, მმართველ ძალასთან ხარ ასოცირებული. იცით, "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა რა არის? 2012 წელს ის სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილთან, ახლა კი ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება. იმედია, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააანალიზებს და ისე დაამახსოვრებს თავს ხალხს, როგორც იმსახურებს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

იხილეთ სტატია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა