ეკა გიგაური - ყველაზე ცუდი და საგანგაშო არის ის, რომ ხაზარაძის განცხადებებს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვება

„ხელისუფლება შეეცდება გაიმართლოს თავი და ყველა ღონეს მიმართავს, რომ მეტი პრობლემა შეუქმნას ადამიანებს, რომლებიც კრიტიკულად საუბრობენ მათ ქმედებებზე“, - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მის მიმართ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აქამდე საზოგადოებისთვის უცნობ გარემოებებზე ისაუბრა.

გიგაურის თქმით, დღევანდელმა განცხადებებმა დაადასტურა ის ეჭვები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ჰქონდათ.

„პრინციპში ჩვენ რა ეჭვებიც გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ პრობლემა შეუქმნას „თიბისი ბანკს“ და ანაკლიის პროექტს, ფაქტობრივად, ამის დასაბუთება მოვისმინეთ დღევანდელ სხდომაზე. ვნახეთ, რომ პროკურატურაც და ეროვნული ბანკიც არ არინ გამართულები იმაში, თუ რას ედავებიან „თიბისი ბანკს“ და ბატონ ხაზარაძეს. მე ვიტყოდი, რომ აქ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოში გვაქვს სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები. ის, რაც მოვისმინეთ ბატონი ხაზარაძისგან, არის იმის დადასტურება, ჩვენ მართლაც დიდი პრობლემები გვაქვს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან მიმართებაში და ეს ინსტიტუტები ხშირ შემთხვევაში ემსახურებიან არა საზოგადოების ინტერესებს, არამედ პარტიის და კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების ინტერესს. არ აქვს მნიშვნელობა, აქ „თიბისი ბანკი“ იქნება, თუ რომელიმე სხვა საწარმო ან კონკრეტული პირი, მაშინ როდესაც ამ ობიექტს, ან პირს, ან ორგანიზაციას ებრძვიან ინსტიტუციები, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა ერთი პარტიის ან ერთი ადამიანის ინტერესია, აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, -განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები სხვა შემთხვევების მსგავსად, არ მოახდენენ ადეკვატურ და ეფექტურ რეაგირებას მიმდინარე პროცესებზე.

„მე მგონია, რომ ყველაზე ცუდი და საგანგაშო ამ შემთხვევაში არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რა ინფორმაციაც მოვისმინეთ ბატონი ხაზარაძისგან, სადაც იგი კონკრეტულად საუბრობს გარკვეულ ზეწოლაზე, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ განცხადებებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არ მოჰყვება. იმიტომ, რომ არასოდეს არ მოჰყოლია მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ისეთ გამოძიებას ან ისეთ საქმეს, სადაც იყო „ქართული ოცნების“ ან ამ პარტიის ლიდერების ინტერესი. მე შეგახსენებთ, რომ ასეთი საქმე იყო „ომეგას“ საქმე, სარალიძის საქმე, როდესაც ეს ადამიანი საუბრობდა, რომ მაღალჩინოსნები ერეოდნენ გამოძიებაში და დღეს ჩვენ ვნახეთ ის აბსოლუტურად არაადეკვატური სასჯელი, რომელიც მიესაჯა სუბელიანს. ასევე, რეაგირება არ ყოფილა ფარცხალაძის სხვადასხვა საქმეებში ჩართულობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებას არ შეიძლება ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ კონკრეტულ საკითხი ეფექტურად იქნება გამოძებული ან ადეკვატური რეაგირება იქნება. ძალიან ცუდი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში და მგონია, რომ დღეს ელიტურ კორუფციაზე და სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებზე საუბარი არის ზუსტად ის შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს ამ სიტუაციას.“-აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაური ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობს და ვერ ასახელებს არსებული ვითარებიდან გამოსავლის შესაძლო ვარიანტებს.

„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მაქვს იმის იმედი, რომ რაიმე რეგირება ექნება ამ განცხადებებს. პირიქით, ხელისუფლება კიდევ შეეცდება გაიმართლოს თავი და ყველა ღონეს მიმართავს, რომ მეტი პრობლემა შეუქმნას იმ ადამიანებს, რომლებიც კრიტიკულად საუბრობენ მათ ქმედებებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს კრიზისი და ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ კრიზისის გადალახვას - ეს არის „თიბისის საქმე“,ს სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს კითხვაზე, თუ რა შეიძლება ამ სიტუაციაში გაკეთდეს. ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია ნამდვილად ილახება ამ ყველაფრის შემდეგ და თუკი აქამდე საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა, როდესაც საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას, დღეს კი ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებს და ეს არის მართლაც ტრაგიკული რამ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა