თამარ ჩუგოშვილი - მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში გენდერულ თანასწორობაზე აქცენტის გაკეთება არაჩვეულებრივი იდეაა

არაჩვეულებრივი იდეაა სწორედ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში გენდერულ თანასწორობაზე აქცენტის გაკეთება. ნამდვილად ბრწყინვალე იდეაა და არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა გავიცნოთ ისეთი ქალები და გოგონები, რომლებთან შეხვედრის პატივი მე სხვა შემთხვევაში არ მქონია, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრაზე „Tech4Equality- ტექნოლოგიები თანასწორობისთვის“ განაცხადა.

შეხვედრა ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას -„გაითავისე თანასწორობა, აშენე გონივრულად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებებისთვის“ ეხმაურება.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არასათანადო მხარდაჭერისა და სტერეოტიპების გამო, ქალები საქართველოში ხშირად მეცნიერების და ტექნოლოგიის სივრცის მიღმა რჩებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ძალიან კარგად ითვისებენ ამ საგნებს და ძალიან კარგად სწავლობენ, მათ შორის, ხშირად ბიჭებზე უკეთეს შეფასებებს იღებენ, მაღალ კლასებში აღარ ირჩევენ ამ მიმართულებებს, რადგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებენ და ხვდებიან უამრავი სტერეოტიპის გარემოცვაში. ამ ყველაფერის გამო ძალიან ბევრი გოგონა, რომელსაც არაჩვეულებრივი უნარი აქვს ძალიან კარგად დაიმკვიდროს თავი ტექნოლოგიების და მეცნიერების სივრცეში, შორდება ამ სფეროს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ დაახლოებით იმ ბავშვების 65%, რომლებიც ახლა დაბალ კლასებში სწავლობენ, მომავალში დასაქმდებიან ისეთ პროფესიებში, რომლებიც სწორედ ტექნოლოგიებთან და მეცნიერებასთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ზოგიერთი ასეთი პროფესია ახლა არც კი არსებობს და ეს ყველაფერი დროსთან ერთად განვითარდება.

„შესაბამისად, ჩვენ გოგონებს უნდა მივცეთ სტიმული, მივცეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ აირჩიონ ასეთი მიმართულებები, რომლებიც სამწუხაროდ, ტრადიციულად და ასევე სტერეოტიპულად არ ითვლება გოგონების პროფესიად. ეს მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისთვის.

მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში მუშაობა არის არა მარტო პერსპექტიული, არამედ არის ასევე, მაღალანაზღაურებადი და ის გოგონები, რომლებიც აირჩევენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროს, შეძლებენ იყვნენ არა მარტო პერსპექტიული ადამიანები, არამედ ჰქონდეთ საკმაოდ მაღალი შემოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინჟინერიის სფეროში დასაქმებული ქალების რაოდენობა არის ძალიან დაბალი - 12%.

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურადაც ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი და ეს ციფრი დაახლოებით 30%, ჩვენი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო დაბალია ციფრია - მხოლოდ 12%, რაც სამწუხაროა და ეს უნდა შეიცვალოს. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი ღონისძიება თავის როლს შეასრულებს ამ სფეროს მიმართ ყურადღების გამახვილებაში და ცნობიერების ამაღლებაში“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს როგორც გენდერული თანასწორობის საკითხებს, ასევე ტექნოლოგიების თემას.

„ჩვენ გვაქვს ორი საბჭო: გენდერულ თანასწორობის საბჭო და ღია მმართველობის საბჭო. სწორედ ღია მმართველობის საბჭოს ფარგლებში ჩვენ თანდათან ვგეგმავთ და ვნერგავთ შემდეგ მიმართულებებს: მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ელექტრონულად დატოვონ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები პარლმენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით;

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირდა სწორედ ამ საბჭოს საქმიანობის ფორმატში;

შემუშავდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ახალი კონცეფცია, რომელიც მოიცავს ელექტრონული პეტიციების წარდგენის შესაძლებლობას;

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის მიზნით მომზადდა პარლამენტის მობილური აპლიკაცია რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ფუნქციებთან ერთად, შეუძლია კანონპროექტზე კომენტარის დატოვება, კანონპროექტის განხილვის ყველა ეტაპისთვის თვალყურის დევნება, საპარლამენტო კალენდრის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტების ნახვა.

ჩვენც ვცდილობთ, გაეროს დახმარებით და მხარდაჭერით, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი, რომ ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად გამოვიყენოთ ჩვენს სამუშაო პროცესში და სულ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ არა მარტო ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობის შესახებ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ, ასევე ინტერაქციული კომპონენტების დახმარებით გავუმარტივოთ ჩვენთან დაკავშირებაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს“,- განაცხადა თამარ ჩგოშვილმა

მან შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ნათია ნინიკელაშვილი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიური სტარტაპის ავტორი და დამფუძნებელია.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობებთან და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი“ თანამშრომლობით.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.