ეკა ქარდავა - როგორი პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს, ევროკავშირი მომართულია უფრო დახმარებისკენ, ვიდრე „საყვედურისკენ“

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინაშე არსებულ აქტუალურ პრობლემენზე ”ინტერპრესნიუსი” ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარეს ეკა ქარდავას ესაუბრა.

- ქალბატონო ეკა, ბრიუსელში მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართა. ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს „ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის „საგზაო რუკა“ წარუდგენა, რომელიც ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციას ემსახურება და საქართველოს აძლევს საშუალებას, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ. თქვენი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების აზრით ევროკავშირთან სექტორალური ინტეგრაცია რა სფეროებშია შესაძლებელი?

- თავიდანვე თამამად უნდა ვთქვა, რომ რთულია მოიძებნოს ქვეყანა დედამიწაზე, რომელიც პერმანენტული ომებისა და უწყვეტი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მსგავსი პროგრესისა და განვითარების გზას გაივლიდა. საქართველო არ დანებდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. არნახული ერთგულება გამოიჩინა საკუთარი არჩევანისა და პარტნიორების მიმართ.

რთულია მოიძებნოს ქვეყანა დედამიწაზე, რომელიც პერმანენტული ომებისა და უწყვეტი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მსგავსი პროგრესისა და განვითარების გზას გაივლიდა. საქართველო არ დანებდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. არნახული ერთგულება გამოიჩინა საკუთარი არჩევანისა და პარტნიორების მიმართ

დიახ, ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდა საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის მთავრობა იმ ფორმატითა და შემადგენლობით, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული.

ნებისმიერი შეხვედრა არის ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო გზა, ამავდროულად, პრობლემურ საკითხთა გადაწყვეტის მეთოდი, რაც აღმოცენდება ასოცირების შეთანხმების შესრულების კონტექსტიდან.

საგზაო რუკის ინსტრუმენტი არა ერთხელ გამოუყენებია საქართველოს ხელისუფლებას. სექტორული ინტეგრაციის სფეროები უშუალოდ ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული - სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, განათლება, მეცნიერება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა. შარშან, კონფერენციაც კი შედგა ქ. ბათუმში („ევროპული გზა“), სადაც თემატური სესია მიეძღვნა სექტორულ ინტეგრაციას.

სექტორული ინტეგრაციის სფეროები უშუალოდ ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული - სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, განათლება, მეცნიერება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა

რამდენადაც, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სექტორული ინტეგრაციის კონკრეტულ ვალდებულებებს ეხება, ეს არ არის სიახლე ევროპული ასოცირების კონტექსტში, თუმცა ხდება მისი აქტუალიზაცია. მაგ.: შარშან საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი.

- თქვენი დაკვირვებით, თუ ასოცირების შეთანხმების მიღმა ქართული საგზაო რუკა სექტორალური ინტეგრაციის შესახებ ევროკომისიამ მოიწონა და მიიღო, რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველო როგორც ქვეყანა და მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები?

- თავად საგზაო რუკა შესრულების ნების გარეშე ვერ იქნება სარგებლიანი. აღსრულების გარეშე დარჩენილი კარგი კანონის მსგავსად. გულწრფელი ვიქნები: როცა იყო ნება, საქართველოს საგზაო რუქის გარეშეც დაახლოების კარგი პროცესი განუხორციელებია.

საგზაო რუქას უკვე უწოდეს ამბიციური და ახალი ტიპის დოკუმენტი. დადებითი პათოსი მისაღებია, მით უფრო როცა ამას პოზიტიური იდეოლოგიური დატვირთვა აქვს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს - რა არის პრიორიტეტული დღეს საშინაო და საგარეო ურთიერთობებში.

რეალურად ამბიციურია თავად ასოცირების შეთანხმება, ამბიციურია ასოცირების დღის წესრიგი, ამბიციური იყო 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმები, ამბიციურია DCFTA-ის შესრულების სამოქმედო გეგმა.

საგზაო რუკას უკვე უწოდეს ამბიციური და ახალი ტიპის დოკუმენტი. დადებითი პათოსი მისაღებია, მით უფრო როცა ამას პოზიტიური იდეოლოგიური დატვირთვა აქვს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს - რა არის პრიორიტეტული დღეს საშინაო და საგარეო ურთიერთობებში

ბევრი დოკუმენტი გვაქვს. თუ საგზაო რუკით მეტად ნათლად განისაზღვრა ევროკავშირის დახმარების რომელი ინსტრუმენტით რომელ სექტორულ მიმართულებაში რომელი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება და თუ საგზაო რუკა რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე სხვა უამრავი სტრატეგიული და ოპერაციული დოკუმენტი, მაშინ მისასალმებელია.

რა სარგებელს ნახავს ქვეყანა და მოქალაქე? სარგებლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ დამხოლოდ რეალური, კარგად გააზრებული და ხელშესახები ევროპული ინტეგრაცია, რომელიც აძლიერებს და ამრავლებს სავაჭრო ურთიერთობებს, ეროვნულ წარმოებას, ქმნის პირობებს საქართველოში წარმოშობილი პროდუქტის ევროკავშირის შიდა ბაზარში იმპორტისთვის, ზრდის კეთილდღეობას თითოეული მოქალაქისათვის.

- სექტორალური ინტეგრაციის წარმატება საჭიროებს ასოცირების შეთანხმების შესრულების კარგ კოორდინაციას. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის წამყვანი სუბიექტი. ადრე სხვა მოდელი იყო.

თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის მოქმედ მოდელს? რამდენად ეფექტურია იგი და თქვენი ინფორმაციით, კონკრეტულად რა პრობლემებზე მიმდინარეობს მის ფარგლებში მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების შესასრულებლად?

- ასოცირების შესრულების წარმატების საფუძველია ურყევი ნება ევროპული ინტეგრაციისადმი, პროფესიონალური და სტაბილური საჯარო სამსახური, კარგი მმართველობა და ძლიერი მონიტორინგი სამოქალაქო სექტორის მხრიდან.

ასოცირების შეთანხმების შესრულებას ხელისუფლების მხრიდან უნდა ჰქონდეს უნიფიცირების, ერთიანობისა და განუყოფლობის ბუნება

აქ მოიაზრება კოორდინაციის სისტემაც, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტია წარმატების. ასოცირების შეთანხმების შესრულებას ხელისუფლების მხრიდან უნდა ჰქონდეს უნიფიცირების, ერთიანობისა და განუყოფლობის ბუნება. ამ გზით განვითარებისთვის დიდი როლი შეასრულა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.

ის ნამდვილად იყო ქოლგა სტრუქტურა, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი დარგობრივი მიმართულება, თუმცა ხედავდა და უყურებდა სექტორულ ინტეგრაციაზე პასუხისმგებელ ყველა სამინისტროს/სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

დღეს ეს ფუნქცია წარმოდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხორვატიის კარგი მოდელის ანალოგიური პრაქტიკის ჩამოყალიბება სურდათ საქართველოში, თუმცა თვისობრივად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც იყო ხორვატიაში.

ჯერ-ჯერობით მიჭირს კოორდინაციის ამ სისტემის ცვლილების სრული შეფასება. დრო და რესურსი დაიხარჯა, განხორციელდა დიდი რეორგანიზაცია, ამან ბუნებრივად შეაყოვნა რიგი საქმიანობები.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მეტი ჩართულობით განახორციელონ უმაღლესი დონის პოლიტიკური ზედამხედველობა ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, განსაკუთრებით შესაფერისი სამთავრობო სტრუქტურების რაციონალიზაციით, კოორდინაციითა და სამინისტროთა სამოქმედო გეგმების სინქრონიზაციით

აგრეთვე, გაუქმდა ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვა სამინისტროებიც, მათ შორის ენერგეტიკის სამინისტრო. გამიჭირდება დაგისახელოთ კონკრეტული ხელშესახები, ხილვადი და მნიშვნელოვანი შედეგი, რაც ამ ცვლილებებით მიიღო ქვეყანამ.

2018 წლის ნოემბრის ევროპარლამენტის რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მეტი ჩართულობით განახორციელონ უმაღლესი დონის პოლიტიკური ზედამხედველობა ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, განსაკუთრებით შესაფერისი სამთავრობო სტრუქტურების რაციონალიზაციით, კოორდინაციითა და სამინისტროთა სამოქმედო გეგმების სინქრონიზაციით.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევროპარლამენტი მიესალმება გაუქმებული სამინისტროს აპარატის ინტეგრირებას საგარეო საქმეთა სამინისტროში, იმავდროულად, მიიჩნევს, რომ ევროპული ინტეგრაცია უნდა იყოს თითოეული სამთავრობო აპარატის პასუხისმგებლობის სფერო.

ევროპარლამენტმა დიპლომატიის ენით გვითხრა, რომ სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს ასოცირების შეთანხმების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა.

- მიუხედავად იმისა, რომ ევროპას უამრავი გამოწვევა აქვს, მხედველობაში მაქვს სხვადასხვა ტიპის ტენდენციები, იგივე ბრექსიტი, რიგ ქვეყნებში მემარცხენეებისა და ულტრამემარჯვენეების აქტიურობა, რომელიც ერთიანი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული, ევროპული სტრუქტურები მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც ართმევენ თავს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. თქვენი აზრით, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკურ ნაწილში დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემა რაა?

- ევროკავშირის შემეცნება არ არის იოლი. მისი ბუნება, ისტორია და წესრიგი რთული და კომპლექსურია. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი დეტალის გააზრება: ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთის მტრები იყვნენ ან ერთმანეთის მიმართ უნდობლობით იყვნენ განწყობილნი, როცა შეერთდნენ, თუმცა მათ მშვიდობისა და ეკონომიკური აღორძინების გამო დათმეს სუვერენობის გარკვეული დონე და სუბიექტური განწყობები.

ევროკომისიის მხრიდან საქართველოს 2018 წლის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში ბიზნესის მხრიდან შეფასებულია, როგორც საშუალოზე მაღალი, თუმცა აქვს კლების ტენდენცია

ააშენეს უზარმაზარი შიდა ბაზარი და უარი თქვეს ომზე. ამიტომაც, როგორი შიდა კრიზისები და დაპირისპირება არ უნდა იყოს ევროკავშირში, მათ შესწევთ უნარი ერთად ყოფნის და გაერთიანების.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი ყოველთვის იყო ყველაზე წარმატებული სეგმენტი, განსხვავებით სავაჭრო-ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციისა.

არა იმიტომ, რომ ყველაფერი იყო კარგად, არამედ იმიტომ რომ პროგრესი იყო სტაბილური, უწყვეტი და განგრძობადი. ეს მახასიათებელი უმნიშვნელოვანესია. ამჟამადაც, ევროკავშირი თვლის, რომ საქართველო ადგას განვითარების გზას, თუმცა ტრადიციულად მიუთითებს იმ ასპექტებზე, რაც პრობლემურია და საჭიროებს რეაგირებას.

მაგალითად, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს 2018 წლის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში ბიზნესის მხრიდან შეფასებულია, როგორც საშუალოზე მაღალი, თუმცა აქვს კლების ტენდენცია.

ევროპარლამენტის 2018 წლის ნოემბრის რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ მაღალ მმართველობით დონეზე ელიტარული კორუფცია საკმაოდ სერიოზული საკითხია; ევროკავშირი მიუთითებს გამოწვევაზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებების ზრდასთან და სხვა

ევროპარლამენტის 2018 წლის ნოემბრის რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ მაღალ მმართველობით დონეზე ელიტარული კორუფცია საკმაოდ სერიოზული საკითხია; ევროკავშირი მიუთითებს გამოწვევაზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებების ზრდასთან და სხვა.

ასოცირების შეთანხმებით საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანად. ეს არ არის გეოგრაფია, ეს არის ქვეყნის მართვისა და პოლიტიკური კულტურის დონის აღმნიშვნელი ტერმინი. უფრო ღრმა ინტეგრაცია, თუნდაც გაწევრიანება შესაძლებელია, თუ საქართველო გახდება ევროპული ქვეყანა.

- ევროსტრუქტურები საქართველოსთან მიმართებაში ხშირად იღებენ სხვადასხვა რეკომენდაციებს და აკეთებენ შეფასებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოსთან მიმართებაში ევროპარლამენტის რეკომენდაციებსა და ევროკომისიის შეფასებებს?

- მე უკვე რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შეფასებებიდან, უმეტესწილად გამოწვევებისა და პრობლემების ჭრილში. მთლიანობაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შეფასებები შთამბეჭდავია, ვიტყოდი იმაზე მაღალი, ვიდრე ჩვენი მოლოდინი შეიძლება იყოს.

ეს ბუნებრივია. ჩვენ, ხშირად, საქართველოს პროგრესს ვაფასებთ ლოკალურად, სუბიექტურად, პირადი ცხოვრების პრიზმიდან, ხოლო ევროკავშირი საქართველოს აფასებს რეგიონული განვითარებისა და შედარების კონტექსტში.

საქართველოს, ასოცირების ქვეყნებს შორის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო), აქვს ევროპული ინტეგრაციის კარგი ნიშნული, სამხრეთ კავკასიის რეგიონში კი უპირობო ლიდერია ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში საქართველო ყველაზე წარმატებული მაგალითია ევროპული ინტეგრაციის.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შეფასებები შთამბეჭდავია - აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში საქართველო ყველაზე წარმატებული მაგალითია ევროპული ინტეგრაციის

მეორე მხრივ, ევროკავშირის ღირებულებითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ წარმოჩინდება კონკრეტულ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ის მეტ და მეტ დახმარებას სთავაზობს საქართველოს იმისთვის, რომ არ შეწყდეს და არ შეჩერდეს რეფორმების პროცესი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: „რამდენად მეტ რეფორმებს განახორციელებს ქვეყანა, მეტად დავეხმარებით“. ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს მისცემს 371 და 453 მილიონ ევროს 2017-2020 წლებისთვის, რასაც დაემატება სხვა სახსრები „მეტი მეტისთვის პრინციპის“ გათვალისწინებით. ამ ეტაპისთვის როგორი პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს, ევროკავშირი მომართულია უფრო დახმარებისკენ, ვიდრე „საყვედურისკენ“.

- მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია, ვიცით რომ ამ სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემები არსებობს. თქვენი შეფასებით, ევროკავშირთან ვაჭრობაში რა პრობლემები არსებობს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ დასაძლევად?

- სავაჭრო ურთიერთობების სფერო ტრადიციულად რთულია საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში. ეს იმიტომ, რომ ევროკავშირის შიდა ბაზარზე ქართული საქონლის იმპორტი და საქართველოს პროდუქტისთვის ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნა უშუალოდ ითხოვს ევროკავშირის შიდა ბაზრის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან აპროქსიმაციას.

ზუსტად აქ მოგვეთხოვება ყველაზე მეტი მოცულობით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. ევროკავშირის ასობით კანონი უნდა აისახოს საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.

საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შექმნილი სათანადო პირობები იმისათვის, რომ აკონტროლოს ეროვნული ბიზნესის ქცევა და უზრუნველყოს სტანდარტების დაცვა

ამას დიდი რესურსი სჭირდება: ა) სახელისუფლებო დონეზე ბაზრის ზედამხედველი და მაკონტროლებელი სამსახურების შექმნა (ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსი); ბ) კერძო სექტორის დონეზე - ახალი სტანდარტების ინტეგრირება საქმიანობაში, ხარისხისა და უსაფრთხოების ზრდა, წარმოების პროცესის სრული ჯაჭვის წესების დაცვა და სხვა.

ქართულ თხილს ჰქონდა ძალიან კარგი იმიჯი ევროკავშირის შიდა ბაზარზე, თუმცა ბიზნესის არასათანადო ქცევამ იმიჯი შეარყია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შექმნილი სათანადო პირობები იმისათვის, რომ აკონტროლოს ეროვნული ბიზნესის ქცევა და უზრუნველყოს სტანდარტების დაცვა. პასუხისმგებელი მხოლოდ ბიზნესი არ არის. ევროკავშირმა ბაზარი გაუხსნა ქართულ თაფლს და შავი ზღვის თევზს. ეს შესაძლებლობა დღემდე არ არის გამოყენებული. ასოცირების შეთანხმებაში ქართული ხილის და ბოსტნეულის 28 სახეობის ჩამონათვალია, რომელიც პოტენციური საექსპორტო სურსათია (მსხალი, მანდარინი, ვაშლი, ატამი და სხვა), იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირისთვის ხილის მიმწოდებელი სხვა ქვეყნების უმრავლესობა გეოგრაფიულად უფრო შორს არიან, ვიდრე საქართველო. ეს უპირატესობა არ გვაქვს გამოყენებული.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ევროკავშირი DCFTA-ის მექანიზმით იძლევა ეროვნული წარმოების განვითარების უდიდეს შესაძლებლობას, კერძოდ: შეღავათებით სარგებლობს ის პროდუქტი, რომელიც საქართველოშია წარმოშობილი (დაბადებული, გაზრდილი, მიწიდან აღმოცენებული, დამუშვებული).

ევროკავშირი DCFTA-ის მექანიზმით იძლევა ეროვნული წარმოების განვითარების უდიდეს შესაძლებლობას, კერძოდ: შეღავათებით სარგებლობს ის პროდუქტი, რომელიც საქართველოშია წარმოშობილი

ამავდროულად, DCFTA საქართველოს აძლევს შესაძლებლობას იქცეს რეგიონულ ცენტრად წარმოების სფეროში, კერძოდ, თუ სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქტის საკმარისად და საბოლოო დამუშავება განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, იგი ჩაითვლება საქართველოში წარმოშობილად და ევროკავშირის შიდა ბაზარზე იმპორტისას გათავისუფლდება საბაჟო ვალდებულებებისგან. ამდენად, საქართველოს შეუძლია უცხოელი სავაჭრო პარტნიორების წარმოებები საქართველოში გადმოტანით აქციოს ეროვნულ წარმოებად.

დღესაც გრძელდება ინერციით იმ აზრის გავრცელება, რომ საქართველოს არ აქვს შესაძლებლობები აწარმოოს იმ რაოდენობის პროდუქტი, რომ გახდეს სტაბილური პარტნიორი ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში. ეს რიტორიკა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს, ამავდროულად დაუსაბუთებელია. მაშ, როგორ ჰქონდა საქართველოს უნარი ეწარმოებინა და მოემარაგებინა საბჭოთა კავშირის დიდი ბაზარი? ჩვენ, დეზინფორმაციაც უნდა დავსძლიოთ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ყოფით და მენტალურ დონეზე.

თუ სახელმწიფოს ექნება რეალური ნება DCFTA-ის განხორციელების, თავადვე შექმნის ხელსაყრელ გარემოს ბიზნესისთვის - გახსნას წარმოების ფანჯარა ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ასოცირების შეთანხმების/DCFTA-ის შესრულებაზე პასუხისმგებლია ხელისუფლება.

- მოგეხსენებათ „თიბისის“ თემა საქართველოში აქტიურად განიხილება. თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს „თიბისისთან“ დაკავშირებულმა საქმემ და ისტორიამ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებში საქართველოს რეპუტაციაზე?

- ამ ქეისს მრავალი სახე და განზომილება აქვს. სრული სურათი არ არის გამჭვირვალე და ნათელი. ზოგადად, ბიზნესის პასუხისმგებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა განვითარებულ და დამოკრატიულ სახელმწიფოებში, თუნდაც, როცა ბიზნესს ახასიათებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონკურენციის ხელყოფა. არა ერთი ბიზნესი დაუქვემდებარებია პასუხისმგებლობისთვის ევროკომისიას.

ბიზნესის რეპუტაციის არამართლზომიერი ხელყოფა, რა თქმა უნდა, მძიმე შედეგების მატარებელია, მით უფრო, ისეთ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაშიც უცხოური ინვესტიციები მნიშვენლოვან როლს თამაშობს

მაგრამ, სამწუხაროა ფაქტი, რომ „თიბისის“ შემთხვევაში ჩვენ, მოქალაქეებმა ვერ გავიგეთ ბანკის დამფუძნებლისა და მმართველის ქცევის კრიმინალურ ქმედებად დაკვალიფიცირების საფუძვლები, მოტივი.

რამდენადაც ეს საქმე სცდება პრივატულ სივრცეს და ის დიდი საჯარო ინტერესის საგანია, საჭიროა სრული გამჭვირვალობა. ბიზნესის რეპუტაციის არამართლზომიერი ხელყოფა, რა თქმა უნდა, მძიმე შედეგების მატარებელია, მით უფრო, ისეთ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაშიც უცხოური ინვესტიციები მნიშვენლოვან როლს თამაშობს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა