თბილისში პარკირებაზე ყველაზე მაღალი საფასური შესაძლოა, საათში 2 ლარი იყოს

თბილისში პარკირების საფასური A, B და C ზონების მიხედვით, განსხვავებული იქნება. საათობრივ პარკირებაზე ყველაზე დაბალი საფასური A კატეგორიის ადგილებზე, ყველაზე მაღალი კი - C ზონაში შესულ ქუჩებზე დაწესდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, მათი რეკომენდაციაა, რომ A კატეგორიის ქუჩაზე პარკირების საათობრივი საფასური 1 ლარი, B კატეგორიის ქუჩებზე - 1,50 ლარი, ხოლო C კატეგორიის ქუჩებზე - 2 ლარი იყოს.

„თბილისში ამ ეტაპზე იქნება A, B და C კატეგორიის ქუჩები. A კატეგორიის ქუჩები შესაძლებელია იყოს გარეუბნებში და ისეთ ადგილებში, სადაც პარკინგზე მოთხოვნა ნაკლებია, B კატეგორიის იქნება საშუალოდ მოთხოვნადი ქუჩები, ხოლო C კატეგორიაში შევა ქუჩები, სადაც პარკინგზე მაღალი მოთხოვნაა. კატეგორიების მინიჭება ჯერ დადგენილი არ არის, თუ რომელი უბანი რომელ კატეგორიაში შევა. საუბარი ფასზე ჯერ იდეების დონეზეა, გავიარეთ კონსულტაციები და ვფიქრობთ, რომ საათში მინიმუმ 1 ლარი უნდა იყოს A კატეგორია, B – 1,50 ლარი, ხოლო C – 2 ლარი. ზონალური პარკირების იდეაა კონკრეტულ ადგილებზე მანქანების რაოდენობა შეიზღუდოს, მაგრამ ამასთანავე ფასიც არ უნდა იყოს ისეთი, რომ მოსახლეობამ მისი გადახდა ვერ შეძლოს. როგორც იცით, საპილოტე პროექტის ფარგლებში ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ივლისიდან კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება, თუმცა, რამდენი საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ამ ქუჩებზე, ჯერჯერობით არ ვიცით. ეს დამოკიდებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების რაოდენობაზე, რამდენი ადგილი შეიძლება დაიკავონ მათ. ასევე, ამ ქუჩებზე განთავსდება სწრაფი გადახდის აპარატები. რაც შეეხება პარკირების მეორე ეტაპს, სავარაუდოდ, 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება გარეუბნებიდან დაიწყოს და ზონალურ-საათობრივი პარკირება ამის შემდეგ თბილისის სხვა უბნებზე გავრცელდეს. ლალიაშვილის თქმით, გარეუბნებიდან თბილისის ცენტრში ეს ავტომანქანების გადინებას შეამცირებს. თუმცა, როგორც ის ამბობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარეშე მოსახლეობაში აგრესიას გამოიწვევს.

თბილისის საკრებულოში ზონალური პარკირების თემაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო ისაკაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩები დაიყოფა A,B,C კატეგორიებად და უნდა განისაზღვროს მინიმალური და მაქსიმალური ტარიფები ზონების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასი C კატეგორიის ქუჩებზე იქნება დაწესებული.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების საკითხზე მორიგი შეხვედრა თბილისის საკრებულოში მომდევნო კვირასაც გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები