ამერიკის DEA-ს სპეციალური აგენტი ქართველ სტუდენტებს - ნუ გგონიათ, რომ მარიხუანა მავნებელი არ არის

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA – Drug Enforcement Administration) სპეციალურმა აგენტმა როკო ჰერონმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტი - „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ წარუდგინა და ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პოლიტიკასთან ერთად, მისი გამოყენების უარყოფით შედეგებზე ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მან ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გამოყენების შემთხვევებზე, მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე, დანგრეულ ოჯახებსა და ძალადობაზე.

„ჰეროინის მომხმარებელმა ახალგაზრდა წყვილმა, მანქანაში, სადაც მძღოლი მამაკაცის შვილიც იჯდა, ბავშვის თვალწინ გაიკეთეს ნარკოტიკი და დაიწყეს მანქანით მოძრაობა ქალაქში. ამ დროს ქალმა იგრძნო, რომ ზედოზირებისგან კვდებოდა. მამაკაცი პანიკაში ჩავარდა, ცდილობდა მაქსიმალურად სწრაფად მიეყვანა ქალი კლინიკაში. ასეთ ვითარებაში მასაც დაეწყო ზედმეტი დოზის მოქმედება და მანქანის ტარების დროს გარდაიცვალა. როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, პრესამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბავშვის სახე იყო დაფარული. ძალიან მინდოდა მენახა ბავშვის სახე, ვიპოვე ფოტოს დედანი და ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ბავშვს იმ დროს, როდესაც ორი ადამიანი მის თვალწინ კვდებოდა, სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის ბავშვი, ხედავს გარდაცვლილებს, მას არანაირი რეაქცია არა აქვს, რადგან ამ პატარა ადამიანის ფსიქიკა უკვე დანგრეულია მამამისის არჩევანის გამო, ის ყოველ დღე ხედავდა ამ კოშმარს“, -აღნიშნა მან.

როკო ჰერონმა ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებით სხვა მაგალითიც მოიყვანა.

“ქალბატონი, რომელსაც ჩვილი ბავშვი ჰყავდა, ღამით ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა. სამი კვირის შემდეგ პოლიციამ სახლის კარი გახსნა და ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, ის დაიღუპა გაუწყლოვანებისაგან. ეს არის მძიმე და მტკივნეული სიკვდილი. დაკითხვისას ამ ქალის მეზობლებმა აღნიშნეს, რომ მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ ბავშვის ტირილი, მაგრამ სამწუხაროდ, დასახმარებლად არავინ მივიდა. ჩვენს ქვეყანაში, ფაქტიურად, ყოველდღიურად გვიწევს მსგავსი ისტორიების მოსმენა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ თავისი საქმე უკეთ იცის, რომ მათთვის ნეგატიური შედეგი არასოდეს დადგება. სწორედ ეს წარმოადგენს სირთულეს და ჩვენ ვცდილობთ დავაჯეროთ ისინი, რომ ეს ასე არ არის. მრავალი წლის წინ, ზედოზირებით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველწლიურად 10 ათასს შეადგენდა. რამდენიმე წლის წინ ეს ციფრი 35 ათასამდე გაიზარდა, გასულ წელს კი აშშ-ში 72 ათასი ადამიანი გარდაიცვალა ზედოზირების შედეგად. ზოგჯერ ძნელია ამ სტატისტიკის აღქმა, მაგრამ ეს არის რეალობა“, - განაცხადა როკო ჰერონმა საჯარო ლექციაზე.

მისი თქმით, შედარებისთვის, გასულ საუკუნეში, შეერთებულმა შტატებმა 19-წლიანი ომების შედეგად, 634 ათასი ადამიანი დაკარგა, ხოლო ბოლო 19 წლის მანძილზე, ზედოზირების შედეგად, 740 ათასი ადამიანი გარდაიცვალა და თუ მსგავსი სურათი შენარჩუნდება, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აშშ-ში მილიონამდე ადამიანი დაიღუპება.

„სამწუხაროდ, ცუდ თემაზე მიწევს საუბარი, რაც აშშ-ში საზოგადოებას ძალიან აწუხებს. არ მინდა დავიჯერო, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოშიც არსებობს. მაგრამ თუ იქნებით ინფორმირებული, დარწმუნებული ვარ, შეძლებთ ამ კატასტროფის თავიდან აცილებას. მთავარია, ახალგაზრდები დაფიქრდნენ არჩევანის გაკეთებისას. მარიხუანა ჩვენთანაც, ლეგალიზებულია, სწორედ ისე, როგორც თქვენთან მოხდა და ჩვენ გვიწევს მასთან ბრძოლა, გვიწევს იმ მოულოდნელ პრობლემებს გავართვათ თავი, რაც მარიხუანას ლეგალიზაციამ გამოიწვია. ნუ გგონიათ, რომ მარიხუანა მავნებელი არ არის. ის, რომ მარიხუანა თქვენ სერიოზულ ზიანს არ მოგაყენებთ, ეს უდიდესი ტყუილია. დაიმახსოვრეთ, ისეთი ტიპის ნარკოტიკი, როგორიცაა მარიხუანა, რა თქმა უნდა, არ მოგკლავთ, მაგრამ ის მთლიანად ჩაკლავს თქვენს მოტივაციასა და ადამიანურ ღირსებას“, -აღნიშნა როკო ჰერონმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის პროექტი - „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. პროექტი ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა