პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა მოუწევს. სამუშაო ჯგუფმა კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობა უნდა დაადგინოს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, ცვლილებები “საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონთან ერთად, პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება.

რეგლამენტის პროექტის თანახმად, ზუსტდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ვადა. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნას პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინების გადაცემიდან სამი დღის ვადაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინების გადაცემიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული მასალების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნას.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შესაბამისი დოკუმენტების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნიდან არაუადრეს 1 კვირისა, კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კანდიდატები მოსმენის შემდეგ, მათ მიმართ დასმულ შეკითხვებს პასუხობენ.

პარლამენტის რეგლამენტით ასევე დაზუსტდება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უნდა უყაროს კენჭი.

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს