ზაზა ფირალიშვილი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულმა ისტორიამ პოლიტიკასა და ბიზნესს შორის ბალანსის წერტილი წაშალა, ეს ვითარება დიდხანს ვერ შენარჩუნდება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, საშინაო პოლიტიკაში ისე სწრაფად ვითარდება პროცესები, აღარც კი იცი ან რომელზე მეტად გაამახვილო ყურადღება ან როგორ დაუკავშირო ისინი ერთმანეთს. ვგულისხმობ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ ისტორიას, ხაზარაძის ხმაურიან განცხადებებს, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს - „დაშლას“ თუ „გაშლას,“, მოსამართლეების საკითხზე ხელისუფლების პოზიციას, ოპოზიციის მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სიით ჩატარებაზე.

აქტუალური თემების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ რადგან ახლა ყველაზე განხილვადი თემა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებული იწილო-ბიწილოა, ჩვენი საუბარი ამ თემით დავიწყოთ.

ფაქტია, რომ ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა პროკურატურაში ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილზე, რომლის დედანი ახლა ლონდონშია და ექსპერტიზა უტარდება, შს მინისტრის გიორგი გახარიას ანაბეჭდები. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ხდება?

- ვიცით, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ბიზნესისათვის წარმატების მთავარი და ლამის ერთადერთი პირობაა ხელისუფლებასთან “საერთო ენის” მოძებნა. ამით, ცხადია, საბოლოო ჯამში პოლიტიკოსები ხეირობენ, რომ სახელმწიფოებრივი კუნთების გამოყენებით მართონ ეს ურთიერთობა. სააკაშვილის დროს ამან ბიზნესზე ლამის დაუფარავი ტერორის სახე მიიღო.

ჩვენშიც მსხვილი ბიზნესისათვის უსაფრთხოების გარანტია რაღაც ხარისხით მაინც ხელისუფლების ორბიტაში ყოფნა, მასთან ურთიერთობის დალაგება იყო და დღემდე ასეა. პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც კი მისთვის სერიოზული საფრთხის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს

შედეგი კი ისაა, რომ ბიზნესიცა და პოლიტიკაც იოლად შეიძლება აღმოჩნდნენ კანონის ფარგლებს გარეთ. ცხადია, მოგებული ისევ პოლიტიკოსი რჩება, მით უმეტეს, რომ მის მხარეს სახელმწიფოს მთელი რეპრესიული მანქანაა.

ხელისუფლების დამოკიდებულება ამა თუ იმ ბიზნეს სუბიექტისადმი ამ უკანასკნელის პოლიტიკური ლოიალობით განისაზღვრება. ურთიერთობის ეს მოდელი მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის არის დამახასიათებელი და ასეა ჩვენთანაც. რუსეთში ურთიერთობის ამ წესმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მთელი მსხვილი ბიზნესი თითქმის სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკის დანამატი.

ჩვენშიც მსხვილი ბიზნესისათვის უსაფრთხოების გარანტია რაღაც ხარისხით მაინც ხელისუფლების ორბიტაში ყოფნა, მასთან ურთიერთობის დალაგება იყო და დღემდე ასეა. პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც კი მისთვის სერიოზული საფრთხის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ასე ვიღებთ სრულიად არაჯანსაღ ბიზნეს გარემოს. როდესაც ეკონომიკის განვითარების პირობებზე ვლაპარაკობთ, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდა გაუკვირდეთ, თუკი ჩნდება ეჭვი, რომ საქმე ეხება ან ანაკლიის პროექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ან მის შეჩერებას. ის, რომ საქმე ფულის გათეთრებას ეხება, უკვე ნაკლებად სჯერა ვინმეს. პროკურატურა თითქოს ახლა იმით არის დაკავებული, რომ რამე ახალი დანაშაული აღმოაჩინოს

“თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ ისტორიაში დამატებითი ნიშნებიც გამოჩნდა. პოლიტიკისაგან თავის განზე დაჭერა და ზომიერი ლოიალობა უსაფრთხოებისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი. ანაკლიის პროექტი ზედმეტად დიდი და მასშტაბური აღმოჩნდა საიმისოდ, რომ პროცესები ჩვეული სცენარით განვითარებულიყო. ამიტომაც, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდა გაუკვირდეთ თუკი ჩნდება ეჭვი, რომ საქმე ეხება ან ამ პროექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ან მის შეჩერებას. ის, რომ საქმე ფულის გათეთრებას ეხება, უკვე ნაკლებად სჯერა ვინმეს. პროკურატურა თითქოს ახლა იმით არის დაკავებული, რომ რაიმე ახალი დანაშაული აღმოაჩინოს.

ეს კი მნიშვნელოვანი სიგნალი შეიძლება აღმოჩნდეს და უკვე აღმოჩნდა კიდეც მთელი ჩვენი ბიზნესის სამყაროსათვის. თურმე, ლოიალობა და პოლიტიკისაგან თავის შორს დაჭერა არ ყოფილა უსაფრთხოების საკმარისი გარანტია.

ბიზნესს ესაჭიროება სტაბილური თამაშის წესები, მას ესაჭიროება რწმენა იმისა, რომ რასაც აკეთებს, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია და ღირებული. ეს კი ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან უნდა ველოდეთ, რომ ბიზნესი, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მხარე, თავის იდენტობას მიაგნებს

მეორე მხრივ, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებული პროცესები შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ განვითარებისათვის. და ამან ხელი შეუწყოს ბიზნესისა და პოლიტიკის სამართლებრივი სივრციდან გასული ჰარმონიის ნგრევას. ბიზნესმენებმა აღმოაჩინეს, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა მხოლოდ თავად შეუძლიათ და შესაბამის სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმებსაც უნდა მიაგნონ.

ბიზნესმენი მამა-მარჩენალისა და ბიზნესმენი რაინდის ტიპები ზედმიწევნით პოსტსაბჭოთა ფენომენებია. ოდესმე ის უნდა ჩაანაცვლოს სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ბიზნესმენის ტიპმა, რომელიც ქველმოქმედებაშიც კი საზოგადოების მომავალზე ორიენტირებულ პროექტებს ახორციელებს.

ბიზნესს ესაჭიროება სტაბილური თამაშის წესები, მას ესაჭიროება რწმენა იმისა, რომ რასაც აკეთებს, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია და ღირებული. ეს კი ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან უნდა ველოდეთ, რომ ბიზნესი, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მხარე, თავის იდენტობას მიაგნებს.

ცხადია, ამას საკმაო დრო უნდა. ჩვენს ბიზნესს დღეს ჯერ ის მორალური რესურსები არა აქვს, რაც ამას სჭირდება. მაგრამ პროცესი დაწყებულია. აქამდე ხშირად ვჩიოდით, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი არ გამოხატავდა ჩვენს საზოგადოებრივ სპექტრს.

ბიზნესს ძალუძს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე ახალი პოლიტიკური ლინგვისტიკის შემოტანა და ამით სტაბილური და ხანგრძლივი ინტერესების ირგვლივ ადამიანების დაჯგუფება

თავად ეს უკანასკნელიც ამორფული იყო. პოლიტიკოსებიც, უმალ, მიმდინარე საზოგადოებრივ განწყობებს ეყრდნობოდნენ, მის შესაბამისად იწოვდნენ პათეტიკური ნაციონალიზმის, აბსტრაქტული ლიბერალიზმის, აბსტრაქტული დემოკრატიის თუ ასეთივე აბსტრაქტული სამართლიანობის იდეოლოგიებს.

პოლიტიკური ჯგუფების უკან არ იგრძნობოდა ამა თუ იმ ფენის ხანგძლივი და სტაბილური ინტერესები. დღევანდელმა პროცესებმა სწორედ ამის დარღვევას უნდა შეუწყოს ხელი. ბიზნესს ძალუძს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე ახალი პოლიტიკური ლინგვისტიკის შემოტანა და ამით სტაბილური და ხანგრძლივი ინტერესების ირგვლივ ადამიანების დაჯგუფება.

- ამ საქმეზე პროკურატურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისგან ცდილობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას. ამის პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „ხაზარაძე ისევე დაამთავრებს, როგორც ოქუაშვილი“.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ისტორია ვერც მარტივად და ვერც ფრედ ვერ დასრულდება, იგი შეიწირავს ან ხაზარაძეს ან გახარიას“. თქვენი დაკვირვებით, ამ საკითხში სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები და როგორ აისახება იგი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?

- იმედი მაქვს, ბატონი ირაკლის განცხადება განცხადებადვე დარჩება. მას, წესით, უნდა ესმოდეს, რომ თუ მუქარას ბოლომდე მიიყვანს, ამით უკვე მსხვილი ბიზნესის სხვა წარმომადგენლებსაც საბოლოოდ დაარწმუნებს სახელმწიფოსთან ურთიერთობის წესების გადახედვის აუცილებლობაში. და არა მხოლოდ მათ.

ვფიქრობ, თავად ხელისუფლება გახდება იძულებული, რომ მორიგების გზები ეძიოს ანაკლიის პორტის მშენებლობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები ჯერ კიდევ არ არის იმის გარანტია, რომ პროექტი გაგრძელდება

ეს იქნება მნიშვნელოვანი და სავალალო შედეგების მქონე სიგნალი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. როგორც ვთქვი, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულმა ისტორიამ პოლიტიკასა და ბიზნესს შორის ბალანსის წერტილი წაშალა და ეს ვითარება დიდხანს ვერ შენარჩუნდება.

ვფიქრობ, თავად ხელისუფლება გახდება იძულებული, რომ მორიგების გზები ეძიოს.

- მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვლი ანაკლიის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტის აშენების წინააღმდეგია, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილის ნაწყვეტიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას არა ანაკლიის სტრატეგიული პორტის მშენებლობის ჩაშლა სურდა, არამედ “თიბისი ბანკის“ მფლობელებთან ჰქონდა პრეტენზიები და სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ თუ ამ თემაზე პასუხგაუცემელი კითხვები ივანიშვილთან მიმართებაში ისევ არსებობს?

- ძნელი სათქმელია, თუ რა მიზანს ისახავდა ამ პროცესის წამოწყება. ფაქტი ისაა, რომ დღეს ხელისუფლებას უწევს დაგვარწმუნოს, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება და რომ თავადაც დიდი წვლილი მიუძღვის მასში.

„ოცნებისადმი“ ნდობის ყოველდღიურ დაცემას ასეთი ფასადური ცვლილებები ისევე ვერ უშველის, როგორც თავის დროზე ვერ შველოდა სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკადრო კარუსელები

ცოტა ხნის წინ სხვა რამეს ვხედავდით. ხელისუფლება თითქმის სრულ გულგრილობას იჩენდა მის მიმართ. ანაკლიის პორტის მშენებლობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები ჯერ კიდევ არ არის იმის გარანტია, რომ პროექტი გაგრძელდება. ჯერ ერთი, რომ დღევანდელი სკანდალი ინვესტორებს აფრთხობს. გარდა ამისა, ჯერაც არის საფრთხე, რომ „თიბისიზე" გამარჯვების შემდეგ პროექტის თანდათან მივიწყების სტრატეგიას დაადგებიან.

- მოსამართლეთა დანიშვნის თემამ „ქართულ ოცნებაში“ დიდი რყევები კი გამოიწვია, მაგრამ მაინც ბოლომდე გაუგებარი დარჩა „ოცნებაში“ რაც ხდება „დაშლაა“ თუ უფრო „გაშლა“. პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნებაზე უამრავი მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ ამ საკითხშიც ბუნდოვანებაა, დაბრუნებული ღარიბაშვილი კობახიძე-კალაძეს დაექვემდებარება, თუ ისინი სამივენი იქნებიან „ოცნების“ საარჩევნო სიაში, რომლითაც მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებზე მიიღებს მონაწილეობას?

- „ოცნების“ ლიდერები შეეცადნენ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნებით თავისთვის სასარგებლო შფოთი შეეტანათ არსებულ განწყობებში. მეეჭვება, რომ ამით განსაკუთრებული საზოგადოებრივი ენთუზიაზმი აღძრან. ბატონ ირაკლის არ დაუტოვებია ისეთი მკვეთრი კვალი, რომ ეს მოსალოდნელი იყოს. ე.წ. კახური კლანიც ჯერ გვახსოვს.

შესაძლოა ფიქრობენ, რომ მისი მეშვეობით ბატონი ირაკლი კობახიძისა და მისი ჯგუფის გავლენას შეამცირებენ. ვნახოთ. არც ბატონი ირაკლი კობახიძე და არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი აქამდე არ ტოვებდნენ იმ მასშტაბის პოლიტიკოსების შთაბეჭდილებას, რომ რაიმე ძირეული ცვლილებების შეტანა შეეძლოთ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სააკაშვილი მისკენ მიმართულ კრიტიკას მტრობად აღიქვამდა და არ ცდილობდა გაერკვია, რას ეუბნებოდნენ და რატომ. სრულიად ასევე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს ივანიშვილი აღიქვამს მტრულად ნებისმიერ კრიტიკას

თქვენ არ გიხსენებიათ უცხოური პიარ კომპანიების ჩართვა ადგილობრივი ლიდერების გამოვლენის მიზნით. უცხოელები შეიძლება ჩაერთონ კიდეც და ლიდერებიც გამოვლინდნენ, მაგრამ საეჭვოა ასეთი, პოლიტიკისათვის უცხო წესით მოხდეს პარტიის ადგილობრივი ორგანოების დაკომპლექტება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკითხი ეხება ლოიალობას და ნდობას, რასაც „ოცნების“ ლიდერებისათვის სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მართალია, დაგვპირდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკადრო პოლიტიკას შეცვლიდნენ, მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, რომ არსებითად არაფერი შეიცვლებოდა. კადრების შერჩევის წესი ისეთივე დარჩება, როგორიც იყო.

ჩვენმა საზოგადოებამ სამართლებრივ აზროვნებაში აშკარად გაუსწრო ხელისუფლებას. ვფიქრობ, „ოცნების“ ლიდერებმა ვერ იგრძნეს ეს

როდესაც მარიხუანას კულტივირების თემით (რასაც წინ ძვირად ღირებული და, ეჭვი მაქვს, მართული პიარ კამპანია უძღოდა ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მარიხუანას უვნებლობის თემების სახით) შენს მიმართ ეჭვს თესავ (თანაც არა მხოლოდ სასულიერო ფენაში), „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული ისტორიით ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებს აიძულებ, რომ თავის უსაფრთხოებაზე დაფიქრდნენ, როდესაც ქვეყანას ყოველწლიურად ორი-სამი ათეული ათასი ადამიანი ტოვებს, როდესაც ხმაურით იწყებ განათლების რეფორმას, რომლის შინაარსიც, ვგონებ, თავად განათლების სამინისტროში არ იციან, ასეთი ღონისძიებები უფრო დროის გაჭიმვას ემსგავსება.

სააკაშვილი მისკენ მიმართულ კრიტიკას მტრობად აღიქვამდა და არ ცდილობდა გაერკვია, რას ეუბნებოდნენ და რატომ. სრულიად ასევე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს ივანიშვილი აღიქვამს მტრულად ნებისმიერ კრიტიკას.

დღევანდელ ხელისუფლებას ისევე ჰქონია ერთხელ და სამუდამოდ მოსულის ილუზია, როგორც - ყველა წინას

სააკაშვილს გარემოცვა არწმუნებდა, რომ მის მიმართ ნდობა ისევ 2003 წლის სიმაღლეზე იყო. სრულიად ასევე, დღეს ივანიშვილსაც არწმუნებენ, რომ მის მიმართ დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც 2011-2012 წლებში, ხოლო თუ რამე არ არის „მთლად ისე“, ამის გამოსწორება იოლად შეიძლება უიმედო სესხების განულების თუ მომავალი ამომრჩევლების - უფროსკლასელთა გამოცდებისაგან გათავისუფლების მსგავსი ხერხებით.

სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც ისევე ჰკარგავს რეალობის გრძნობას, როგორც წინა ჰკარგავდა მმართველობის ბოლო ხანებში.

- მოსამართლეთა თემამ “ოცნებას“ იმაზე მეტი მხარდამჭერი დააკარგვინა, ვიდრე მმართველ გუნდში ვარაუდობენ. მიუხედავად ამისა, ამგვარი გადაწყვეტილება ივანიშვილმა იმ მოსამართლეთა სასარგებლოდ მიიღო, რომელთა მიმართაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. თქვენ როგორ ახსნით ივანიშვილის ამ არჩევანს?

- სრულიად ცხადია, რომ მართვადი სამართალდამცავი სისტემის მეშვეობით მნიშვნელოვან იარაღს იძენ როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესთან ურთიერთობების „დასალაგებლად“. ამასთან, არსებობს კრიტიკული წერტილი, როდესაც მიზანი აღარ ამართლებს საშუალებას და უარესი შედეგები შეიძლება მიიღო.

ჩვენმა საზოგადოებამ სამართლებრივ აზროვნებაში აშკარად გაუსწრო ხელისუფლებას. ვფიქრობ, „ოცნების“ ლიდერებმა ვერ იგრძნეს ეს. დარწმუნებული ვარ, საშუალო ხარისხის სოციოლოგიური გამოკითხვაც დაანახებდათ თუ ამ ისტორიამ როგორ შეამცირა „ოცნების“ რეიტინგი და მისი ლიდერების მიმართ ნდობა.

მარტოოდენ პროპორციულ არჩევნებზე ფსონის დადება პოლიტიკური იდეალიზმი მგონია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე

ასე ხდება ხოლმე: ერთ შეცდომას მოჰყვება მეორე, მეორეს - მესამე და პროცესები ზვავისებურად იწყებს განვითარებას. საბოლოოდ დგება სიტუაცია, როდესაც ნდობის ხარისხი კრიტიკულად დაბალია და ამას ვეღარაფერი შველის, მით უმეტეს, ვერ შველის სოციალურ ქსელებში ჩასმული პროპაგანდისტებით განწყობების მართვის მცდელობა.

უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ისევე ჰქონია ერთხელ და სამუდამოდ მოსულის ილუზია, როგორც - ყველა წინას. ძალაუფლებით გამოცდას ბევრი ვერ უძლებს. ამიტომაც მიდის ასე ცუდად ყოველი მორიგი ხელისუფლება.

- ოპოზიცია “ოცნებისგან“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სიით ჩატარებას მოითხოვს. ოპოზიციას დაანონსებული აქვს, რომ ამ მოთხოვნით 1 მილიონ ხელმოწერებს შეაგროვებს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ამ თემაზე ნათქვამი აქვს, რომ „ეს თემა დახურულია“. თქვენი აზრით, თუ ოპოზიცია მართლაც შეძლებს ამ მოთხოვნით 1 მილიონი ხელმოწერების შეაგროვებას, მმართველი გუნდი მაინც იტყვის უარს 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სიით ჩატარებაზე?

- მაჟორიტარების დათმობა რომ ყოველ ხელისუფალს უჭირს, ჩვენში ბანალურ სიცხადედ იქცა. და მაინც, ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივად ერთი კითხვა მიჩნდება: რამდენად მზად არის ჩვენი საზოგადოება მხოლოდ პროპორციული არჩევნებისათვის?

ჯერჯერობით არსად ჩანს განათლების ის კონცეფცია, რომელიც ყოველივე ამას უნდა დაედოს საფუძვლად. მის გარეშე ფული ჰაერში გადაყრილი აღმოჩნდება

სიტუაციაში, როდესაც ჩვენი ამომრჩეველი თითქმის უგრძნობელია იდეებისა და პრინციპების მიმართ თუ მათ უკან შემძლე პირს ვერ ხედავს და უფრო მეტიც, უმალ ენდობა პიროვნებას, ვიდრე იდეასა და პრინციპს, მარტოოდენ პროპორციულ არჩევნებზე ფსონის დადება პოლიტიკური იდეალიზმი მგონია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

-პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას განათლების ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. კონცეფციის თანახმად, მიღებული იქნება ,,საგანმანათლებლო თანასწორობის აქტი", რომლითაც განათლების დაფინანსების ოდენობად ეროვნული პროდუქტის 6% (არსებული ბიუჯეტის 25%) განისაზღვრება. კონცეფცია განათლების დაფინანსების მუდმივ ზრდას გულისხმობს, რისი ვალდებულებაც კანონით იქნება განსაზღვრული.

თქვენ როგორ შეაფასებდით განათლების ეროვნულ კონცეფციას და იმას, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ხელისუფლება განათლების სფეროში?

- სანამ განათლებაზე საუბარი მხოლოდ დაფინანსების გაზრდითა და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებით ამოიწურება, ვერაფერს გეტყვით.

ჯერჯერობით არსად ჩანს განათლების ის კონცეფცია, რომელიც ყოველივე ამას უნდა დაედოს საფუძვლად. მის გარეშე ფული ჰაერში გადაყრილი აღმოჩნდება. კარგად გათვლილი რეალისტური კონცეფციის გარეშე ნებისმიერი სისტემა ფულს უაზროდ შთანთქავს და კვლავ იქ აღმოვჩნდებით, საიდანაც დავიწყეთ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა