თავდაცვის სამინისტრო - წინასწარი გამოკითხვის შედეგად, ახალწვეულზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალწვეულ ქაზიმ გახრამანოვის მიმართ შესაძლო ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ.კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს და 181-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გამოძალვას გულისხმობს.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

386-ე მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 181-ე მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ოჯახის წინააღმდეგობის გამო წვევამდელის გამოკითხვის პროცესი ჭიანურდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს