სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს. ვიზიტი 14 მარტს დასრულდება", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა პრეზიდენტის ვიზიტზე ლიეტუვაში და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის შეფასებით, ეს მეტად მნიშვნელოვანი და შედეგებზე ორიენტირებული ვიზიტი იყო, რომლის ფარგლებშიც არსებითი შედეგი კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის გაფორმებაა.

„აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ლიეტუვაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი და შედეგებზე ორიენტირებული ვიზიტი საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში.

ვიზიტის არსებითი შედეგი ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის გაფორმება გახლავთ. განზრახულობათა დეკლარაცია თავის მხრივ, ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ლიეტუვას ამ მხრივ დიდი გამოცდილება გააჩნია, აქვს კიბერუსაფრთხოების ძლიერი ცენტრი. შესაბამისად, მეგობარი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით, საქართველო შეძლებს საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დაცვას - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ვიზიტის შედეგებს", - განაცხადა პრესსპიკერმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს