რევაზ სოხაძე – წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც თბილისის და მისი ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ერთი ადამიანის შეხედულებით ხორციელდებოდა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ოპოზიციის წევრის განცხადებას გამოეხმაურა.

სოხაძის თქმით, დრო, როდესაც თბილისის და მისი ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ერთი ადამიანის შეხედულებებით ხორციელდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს დედაქალაქის მერია მხოლოდ პროფესიონალთა აზრს ითვალისწინებს.

„იყო დრო, როცა თბილისში, ძველ, ისტორიულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი ადამიანის სურვილებით ხორციელდებოდა და მინდა გითხრათ, რომ პროცესი მართლაც ფასადური იყო. დღეს, კი რეაბილიტაცია-რესტავრაცია საქართველოში, ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სფეროში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანების უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში ძველ თბილისში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 100 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა.

„თაბუკაშვილის და კოლმეურნეობის მოედნებზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ, რა მოცულობის სამუშაოებია შესრულებული. ამ პროცესში დედაქალაქის მთავრობის მთავარი ამოცანა შენობებისთვის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაა," - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია არ ეფუძნება ერთიან ქალაქგეგმარების კონცეფციას.

„პროექტი არ ასახავს ძველი თბილისის ხედვას მთლიანობაში და წარმოადგენს ზედაპირული რესტავრაციის მაგალითს. მასში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით აღიარებული მთელი რიგი კრიტერიუმები, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებული კონსერვაციისა და ინტეგრირებული რესტავრაციის პრინციპებს“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა