თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ცენტრ „კრწანისში“ ძალადობისა და თანხის გამოძალვის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ცენტრ „კრწანისში“ ძალადობისა და თანხის გამოძალვის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის და თანხის გამოძალვის კიდევ ერთ ფაქტს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ ირაკლი ბაზერაშვილმა განუცხადა.

„სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ალთუნ აშიროვის, ქიაზიმ კახრამანოვის და სხვა სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ძალადობისა და გამოძალვის ფაქტი განხორციელდა მაშინ, როდესაც ისინი ერთად იყვნენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გუშინ სამხედრო პოლიციაში ჩავატარეთ სპეციალური ბრიფინგი და გავავრცელეთ გამოძიების მიმდინარეობის პირველადი შედეგები, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე მხილებულია ორი სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 386-ე მუხლებით. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა 4-დან 5-მდე გაიზარდოს. ამჟამად მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება, რათა უმოკლეს დროში გადაწყდეს ბრალდებულების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საკითხი“, - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.