ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, „ძალა ერთობაშია“ პროვოკაციის მოწყობას გეგმავს

ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, 15 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტები დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„პროვოკატორების ძირითადი მიზანია შექმნან მათი დაკავების წინაპირობა სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევით და სახელმწიფო საზღვარზე დესტაბილიზაციის კერა“, - აღნიშნაულია ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
დეფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა თავისი მიზნისთვის - დააგროვოს პოლიტიკური ქულები და მიეცეს შესაძლებლობა დეპუტატად იყაროს კენჭი, აქციის მონაწილეებს მიზანმიმართულად აყენებს რისკის ქვეშ, რომლებიც შესაძლოა დაშავდნენ, თუკი ვითარება კონტროლიდან გამოვა.

























