სალომე ზურაბიშვილი - ქართველებსა და სომხებს ის ღირებულებები გვაერთიანებს, რაზეც ისტორიულად იდგა კავკასია

დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიყოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყნები, კავკასიას კი დავუბრუნოთ მისი ისტორიული დანიშნულება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის სახელით, ერევანში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და აღნიშნეს, რომ სტუმართმოყვარეობასა და მეგობრობას ორივე ქვეყნის ხალხები განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან, რაც საერთო ღირებულებებზე მიანიშნებს.

„ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორია, პირველ რიგში, მითოლოგიამ შემოგვინახა - ქართლოსისა და ჰაოსის ამბით, და ეს ნიშანდობლივია. ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრებიც თითქმის ერთ პერიოდში გავხდით. ასევე ერთდროულად - 1918 წელს - გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. პრაქტიკულად, ერთდროულად დავკარგეთ და შემდეგ, პრაქტიკულად, ერთდროულადვე აღვადგინეთ იგი. ქართველებსა და სომხებს ის ღირებულებები გვაერთიანებს, რაზეც ისტორიულად იდგა კავკასია. კულტურა კი არის ის სფერო, სადაც ჩვენი სიახლოვე განსაკუთრებით კარგად ჩანს. საიათნოვას, არამ ხაჩატურიანის, ფარაჯანოვის, შარლ აზნავურის, გივი შაჰნაზარისა და კიდევ არაერთი დიდი ადამიანის სახელით ვამაყობთ ქართველებიც და სომხებიც. მინდა მოგახსენოთ, რომ წელს საქართველოში სომეხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანისა და სომეხი კომპოზიტორის - კომიტასის 150 წლის იუბილე აღინიშნება. თუმანიანის შემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემოდგომაზე დიდ საიუბილეო საღამოს გავმართავთ. ვფიქრობ, რომ კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების გარდა, გვჭირდება ზოგადად, თანამშრომლობის სპექტრის გაფართოება. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიყოთ ძლიერი, განვითარებული ქვეყნები და კავკასიას დავუბრუნოთ ის დანიშნულება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა. ერთმანეთის მხარდაჭერა ამ გზაზე დიდ წარმატებებს მოგვიტანს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის განცხადებით, სომეხი და ქართველ ხალხში ცოცხლობს გენეტიკური მეხსიერება მეგობრობის შესახებ და დღეს, ეს მეგობრობა არა ლეგენდა და მითი, არამედ რეალობაა, რომელიც რეგიონულ პარტნიორობაშია გამოხატული.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს