ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იმაზე მსჯელობა, რა წყაროზე დაყრდნობით უნდა  მოამზადოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშები,  არის წარმოუდგენელი

მიმაჩნია, რომ ის გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. კლანი, რომელიც სასამართლო სისტემაშია, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და დიდი ბოროტებაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, როდესაც ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემის ხარვეზებზეა საუბარი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ანგარიშში ნახსენები სასამართლო ხარვეზების ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, რომ თვითკრიტიკულები არ იქნებოდნენ პირადად, მისთვის მოსალოდნელიც იყო, რადგან საბჭოს წევრები თავად არიან „კლანის“ წევრები და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, ბუნებრივია, არ აღიარებენ. მისი თქმით, თუ სასამართლო სისტემაში ხელისუფლებამ რეალური რეფორმები არ გაატარა, ნებისმიერი ცვლილება, მხოლოდ ილუზია იქნება და რეალობას არ მოერგება. ნამდვილი რეალობა კი სისტემაში არსებული „კლანია“, რომელიც აუცილებლად უნდა დაიშალოს.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მოსაზრება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს სასამართლო სისტემაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მიეწოდოს, საერთოდ წარმოუდგენელია.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ საკითხის იმ ჭრილში განხილვა, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა წყაროზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშები, არის წარმოუდგენელი. ამ საკითხის ამ ფორმით განხილვა მითუმეტეს, საბჭოს კომპეტენციას საერთოდ არ შეესაბამება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ანგარიშში ასახული საკითხები, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება, არის რეალური. ჩემთვის პირადად ეს სანდოა და მართლა ეფუძნება იმ დღევანდელ გამოწვევებს, რომელიც დღეისათვის სასამართლო სისტემაში გვაქვს. ამიტომ, მე მგონია, რომ ეს დოკუმენტი ჩვენი ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო უნდა გახდეს, რათა სასამართლო სისტემაში ნამდვილი რეფორმები განახორციელოს, რომელიც ხელს შეუწყობს არსებულო „კლანის“ დაშლას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე დასვამენ საკითხს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მიეწოდოს. მეთოფიშვილმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემის ხარვეზებზეა საუბარი. საბჭოს მოსამართლე წევრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია ისეთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მასალები, როგორიც არის "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სხვა ორგანიზაციები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა