პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა დასჯადი ხდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

კანონპროექტს ხვალ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

პროექტის მიხედვით, “სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორგანიზება, ასევე უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა და ორგანიზება.

აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

“ასეთი ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობებში, შესაძლებელი გახდება ევროკავშირში იმ თავშესაფრის მაძიებელთა, უკანონო მიგრანტთა რაოდენობის შემცირება, რომლებსაც შესაბამისი პირები სარგებლის მიღების მიზნით უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენაში უწყობენ ხელს, ასევე ეხმარებიან, თავშესაფრის მისაღებად მოწყვლადობის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენაში“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა