გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია

ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიშში მოცემული ინფორმაციისა და რეკომენდაციების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე განმარტებას აკეთებს.

როგორც სამინისტროს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული და 2018 წლის 31 იანვარს დამტკიცებული ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიში 2017 წლის კვლევებს ეფუძნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა დღეისათვის უკვე შესრულებულია, კერძოდ: 2018 წელს, ოფიციალურად დამტკიცდა და ვადების შესაბამისად ხორციელდება გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა; 2018 წლის 27 ივლისს დამტკიცდა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები; 1 აგვისტოდან ეს სტანდარტები ქვეყანაში ოფიციალურად ამოქმედდა; უმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი; რუსთავში უკვე გაიხსნა ერთი ახალი სადგური; აპრილში თბილსს დაემატება კიდევ ერთი ავტომატური სადგური; სადგური გაიხსნება კასპშიც; იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე და მომავალ წელს ქვეყნის მონიტორინგის ქსელს 5 ახალი სადგური დაემატება; ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის დროულად, უწყვეტად და მარტივი ფორმით ინფორმირების მიზნით, შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი: air.gov.ge; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა და ახორციელებს ჰაერის დაცვის თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გეგმას; გაუმჯობესდა უწყებათშორისი კომუნიკაცია, რომლის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით იქმნება შესაბამისი თემატური უწყებათშორისი კომისია.

„რაც შეეხება რეკომენდაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის შექნის თაობაზე, მიმდინარე წელს, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყება აღნიშნულ სისტემის შექმნაზე მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წელს საქართველოს დედაქალაქში პრობლემურ დამაბინძურებლებს მიწისპირა ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და ნახშირჟანგი (CO) წარმოადგენდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

აღნიშნული დამბინძურებელი ნივთიერებების თანამედროვე ავტომატური სადგურებზე უწყვეტი მონიტორინგის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით ფასდება და არც ერთი მათგანი არც 2017 და არც 2018 წლებში არ აჭარბებდა დადგენილ ნორმას.

აღნიშნული უზუსტობები გამოწვეულია მონაცემების დათვლის მეთოდოლოგიაში დაშვებული ცდომილებით.

15 ქვეყნისა და ევროკავშირის აუდიტორების მიერ ჩატარებულ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის ერთობლივი აუდიტი, საქართველოს გარდა, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ანგარიშის მიხედვით, აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის გასაუმჯობესებლად საკმარისი ზომები ამ ეტაპზე მიღებული არ არის“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა