ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდეს.

სესიაშვილის თქმით, საქართველო აღნიშნულია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი და ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემამ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიაღწია.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ NATO პროგრესულად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს. ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოხმაურა. მისი განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიზისის არსებობის შესახებ საუბრები საფუძველს მოკლებულია და გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც ამ სფეროში მიღწეული სერიოზული პროგრესის შესახება არის საუბარი, ექსპერტებისა და შემფასებლების ანგარიშს ეყრდნობა.

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 15 ინიციატივას, ამ 15 ინიციატივიდან ერთი შესრულებულია, ხოლო ორი, რომელიც არის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა - ამ მიმართულებით პროგრესი სახეზეა და ის შესრულებულად შეიძლება, ჩაითვალოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში გახლავთ ის, რომ ნატო ძალიან პროგრესულად აფასებს 6 ინიციატივას და მოლოდინი აქვს, რომ ის უკვე 2019 წლის განმავლობაში დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ ნატო ძალიან პროგრესულად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს. ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან ფართო შინაარსის მქონე რეფორმები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო თავდაცვას, ლოჯისტიკას, მათ შორის, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან პროგრესი 2019 წელს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ჩვენ ოპონენტებს ხშირად უყვართ ხოლმე საუბარი უსაფუძვლოდ, რომ გარკვეული სახის კრიზისი არსებობს თავდაცვის ან უსაფრთხოების სექტორში, მაგრამ ის დოკუმენტი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ეყრდნობა ძალიან სერიოზულ, ექსპერტებისა და შემფასებელთა ჯგუფის მიერ დადებულ ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში იქნა მიღწეული“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მიმდინარე წელს, ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს. ირაკლი სესიაშვილმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია.

„ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ძალიან სერიოზულ მოლოდინებს, რომ თუ 2019 წლის ფარგლებში ეს 9-ვე ინიციატივა იქნება შესრულებული, დაგვრჩება 6 ინიციატივის შესრულება, რაც, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. თავისთავად ცხადია, ეს ნიშნავს საქართველოს ძალიან ინტენსიურ კავშირს და ინტეგრაციას ნატოში. თქვენ იცით, რომ ამ თვის ბოლოს ნატოს გენერალური მდივანი, სამხედრო კომიტეტი ჩამობრძანდება საქართველოში. მთლიანად, ეს წელი ძალიან დატვირთული იქნება ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

თქვენ მოისმინეთ გენერალური მდივნის განცხადებაც, რომ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გაიზრდება. საერთო ჯამში, ეს ხაზს უსვამს, რომ საქართველოში უფრო მეტი ნატოა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მივესალმები ამ პროგრესს და მაქვს სერიოზული მოლოდინები წელს NATO-თან ურთიერთობის თვალსაზრისით“,- განაცხადა სესიაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს