ლევან იზორია უმცროს ოფიცრებს - „კეთილმოსურნეები" ხშირად ამბობენ, თითქოს ინსტიტუციური პრობლემებია, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ჩვენ ვამაყობთ წარმატებებით

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ჯარში სისტემური პრობლემებია.

„ჩვენი „კეთილმოსურნეები" ხშირად ამბობენ, თითქოსდა არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა უნდა, ყველა სოციუმში და მათ შორის ჯარში რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ხდება სამწუხაროდ სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი", - განაცხადა ლევან იზორიამ.