ოთარ კახიძე - „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი“ გარიგებაშია ხელისუფლებასთან, კერძოდ, მის არაფორმალურ მმართველ ივანიშვილთან

დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო რეფორმამ განიცადა სრული კრახი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემას მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელიც გარიგებაშია ხელისუფლებასთან, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილთან.

„ჩვენ სახეზე გვაქვს სასამართლო კორპუსის მართვა ერთი კონკრეტული კლანის მიერ. პირობითად ამ კლანს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს უწოდებენ. ეს კლანი არის გარიგებაში საქართველოს ხელისუფლებასთან, კერძოდ, მის არაფორმალურ მმართველთან, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. ეს კლანი უზრუნველყოფს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. სამწუხაროდ, ის შანსი და მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 2012 წელს, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არარსებობა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა „ქართულ ოცნებას“, არ გამოასწორა. სასამართლო რეფორმის ე.წ. ტალღების შედეგად ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მძიმე ვითარება, ჩვენ უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო რეფორმამ განიცადა სრული კრახი. მათ შორის, ვერ მოხერხდა სასამართლო ხელისუფლების აღჭურვა რეალური დამოუკიდებლობის გარანტიებით, ჩავარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა და სასამართლოში დაბრუნდა ავადსახსენებელი კორუფცია, რომელიც 2012 წლის მდგომარეობით არ წარმოადგენდა პრობლემას მართლმსაჯულების სისტემაში“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. ამათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს, ხოლო მესამე საკანონმდებლო პროექტი ინიცირებულია “ევროპული საქართველოს“ მიერ.

16 მარტს კი, განხილვა წამყვან - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება.

“ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება ექნება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად. თუკი დასახელებული კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, პირი პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ავტომატურად მოხვდება. საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად სრული კონსენსუსი იქნება აუცილებელი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს