თბილისის საკრებულომ K2 კოეფიციენტის ზრდა აკრძალა

თბილისის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილება დაამტკიცა. საკითხს სხდომაზე 35-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო. დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს კენჭი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის დამტკიცების შემდეგ უყარეს. თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, დედაქალაქს ახალი მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან ერთად, მშენებლობის ახალი რეგულაციები ექნება, რომელიც K2 კოეფიციენტის ზრდის აკრძალვას ითვალისწინებს.

"მინდა ყველას მივულოცო, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ასე ძალიან ცდილობდნენ, გენერალური გეგმა ცუდად წარმოეჩინათ. გენერალური გეგმის მიღება და k2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ისტორიული ნაბიჯია ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - გენერალური გეგმის აღსრულება, რაც ვფიქრობ, მოგვცემს საშუალებას უახლოეს 10-15 წელიწადში თბილისში ვიხილოთ ისეთი უბნები, რომლებიც ნამდვილად ეკონომიკურ ღირებულებას შემატებს ჩვენს ქალაქს; თბილისში ვიხილოთ ისეთი გამწვანებული პარკები რომლებიც ძალიან დიდი ხანია არ შეგვიქმნია და თბილისში ვიხილოთ ისეთი შენობები, რომლებიც საამაყო იქნება. სამწუხაროდ, გენერალური გეგმა ვერაფერს უზამს უკვე აშენებულ, უკვე გაცემულ ნებართვებს, თუმცა, ვფიქრობ, თბილისში ჯერ კიდევ არის ის პოტენციალი ქალაქი სწორად განვითარდეს და ღირსეული საცხოვრისი შევუქმნათ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს", - განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ახალი პროექტის განხილვა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებებისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საკითხის განხილვამდე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ონლაინრუკებში ტექნიკური უზუსტობა იყო სწორედ იმ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ტერიტორიას ესაზღვრება. კერძოდ, საუბარი იყო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილზე, 14 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს ადგილი გენგემის ახალ რუკაზე რეკრეაციული ზონა ერთის ნაცვლად, ორად იყო დაფიქსირებული.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე “სითი ინსტიტუტ საქართველომ“ მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი ორგანიზაციას 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა, თუმცა დოკუმენტის რამდენჯერმე დახარვეზების გამო მისი მიღება გაჭიანურდა. დოკუმენტის შემუშავება ბიუჯეტს 2 მილიონ 800 000 ლარი დაუჯდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა