Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი გაიმართება, რომლის ჰედლაინერები Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms და „მწვანე ოთახი“ არიან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში საერთო ჯამში, 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

საიუბილეო ფესტივალის პროგრამა ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დღეს, მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრ „ფაბრიკაში“ გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს.

„დედაქალაქში მსოფლიო დონისა და მასშტაბის მუსიკალური ფესტივალი უკვე ათი წელია იმართება, რომელიც მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას, ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებსა და რაც მთავარია, იმ განწყობას სთავაზობს, რომელიც წლიდან წლამდე, Tbilisi Open Air-ს ახლავს თან. წლების განმავლობაში, არაერთი ვარსკვლავის ცოცხალ შესრულებას მოვუსმინეთ და არც წლევანდელი ფესტივალი იქნება გამონაკლისი, რაც დიდი საჩუქარია, როგორც ქართველი მსმენელისთვის, ასევე იმ უცხოელებისთვის, რომლებიც თბილისში სპეციალურად ფესტივალის დღეებში ჩამოდიან“, - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ.

Tbilisi Open Air-ზე ოთხი სცენა იმუშავებს. ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს, Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand, ასევე, ქართველი არტისტები - MokuMoku, LOUDspeaker წარსდგებიან. 22 ივნისს, ღონისძიების მონაწილეები მთავარ სცენაზე UNKLE-ის, Rhye-ს, „მწვანე ოთახის“ მოსმენას შეძლებენ. 23 ივნისს კი, Mogwai, The Subways, Michelle Gurevich და Salio იმღერებენ.

EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც Tbilisi Open Air-ზე მეორე წელია ფუნქციონირებს. 21 ივნისს ფესტივალის მონაწილეები EYESTAGE-ზე Tobias-სა და Edit Select-ს მოისმენენ, 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, 23 ივნისს კი მსმენელის წინაშე Andrey Pushkarev და Matthew Dekay წარსდგება.

Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისის - Pixel, ხოლო 23 ივნისის - Freedom Fighters.

Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში, Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს ეთმობა. Singer Stage-ზე 21 ივნისს, მსმენელის წინაშე დღისით, პროექტ Newcomers-ის ორი რჩეული პროექტი წარსდგება. 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს, 23 ივნისს კი - რეზო კიკნაძის სიქსტეტის.

ფესტივალი ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, სოციალურ კამპანიას - „თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ იწყებს. პირველი წლის სლოგანია - „მუსიკა ათავისუფლებს“. პროექტის ფარგლებში, ჩაიწერება 12 ვიდეორგოლი, რომლებშიც ე.წ. ოფინიონ მეიქერები მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული მათგანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე ისაუბრებს.

2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით, კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი შეიქმნა. ათი წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel. მუსიკალურ ფესტივალში საერთო ჯამში, 1000-მდე არტისტმა მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალი ქალაქ თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება. Tbilisi Open Air-ის მეგობარი კომპანიები არიან: TBC, Icy, Pepsi, „ნაბეღლავი“, Magti, Mastercard და Socar. ოფიციალური მზღვეველია - GPI.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა