ირაკლი კობახიძე - მოსამართლეობის კანდიდატების სიას, როგორც ჩანს, სააკაშვილი ნათელ ოთახში წერდა და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას, როგორც ჩანს, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი ნათელ ოთახში წერდა და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც უმრავლესობის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი არის ერთადერთი იმ სამ კანონპროექტს შორის, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

„ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. წარმოდგენილია სამი სხვადასხვა კანონპროექტი და არც ერთი მათგანი არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. დეკემბერში იქნა წარმოდგენილი მოსამართლეთა ათკაციანი სია, კრიტიკა იყო ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ არც კანონი და არც კონსტიტუცია არ იყო დარღვეული სიის წარმოდგენისას, ჩვენ გავიზიარეთ საზოგადოების გარკვეული ობიექტური კრიტიკა და განვაცხადეთ, რომ არ განვიხილავდით ამ სიას და დავიწყებით კრიტერიუმების გაწერაზე მუშაობას. მაშინ საბჭომ იხელმძღვანელა იმ ტრადიციით და პრაქტიკით, რომელიც იყოს ჩამოყალიბებული საქართველოში. როგორც გახსოვთ, პრეზიდენტები წარადგენდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს და არასდროს ამას არ შეხვედრია კრიტიკა, მათ შორის იმ ენჯეოების მხრიდანაც, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და რომლებიც დღეს ასე მწვავედ აკრიტიკებენ იუსტიციის საბჭოს მიერ ერთ დღეში კანდიდატების წარდგენას. როგორც ჩანს, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი ნათელ ოთახში წერდა სიებს და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა ის სია, რომელიც იქნა წარმოდგენილი. ჩვენ გავიზიარეთ კრიტიკა და დავიწყეთ მუშაობა“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არც ერთ ქვეყანაში ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისთვის არ არის დადგენილი.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ ღია და გამჭვირვალე პროცედურის გაწერა, რომელიც იქნებოდა რამდენიმე საფეხურიანი და მას აქვს ის დატვირთვა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დაკვირვების საშუალება. ამ პროცედურას ანალოგი არ აქვს და ის არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. არც ერთ ქვეყანაში ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისთვის დადგენილი არ არის. თუ რამდენიმე კენჭისყრა იწვევს გაუგებრობას, შეგვიძლია დავუბრუნდეთ ერთ კენჭისყრას, რაც დეკემბერში იყო კრიტიკის საგანი“,- აღნიშნა კობახიძემ.

დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმარავლესობის პროექტის განხილვით განახლდა.

ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვსი დეპუტატის მიერ ინიცირებული “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა