მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 უბანზე გაიმართება, სადაც 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული

მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს, 31 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც საერთო ჯამში, რეგისტრირებულია 43 868 ამომრჩეველი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ვადები არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის. მათ შორის, საინიციატივო ჯგუფებისთვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარსადგენი კანდიტატისთვის საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.

„მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს დადასტურებული არანაკლებ 439 ამომრჩევლის ხელმოწერით, რაც არის მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1%“, - განაცხადა მიქელაძემ.

გარდა ამისა, პრესსპიკერის განმატებით, დღევანდელ სხდომაზე ასევე განისაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ასევე ახალი ვადები.

"მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით ორივე არჩევნები ასევე უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ განსაზღვრა და ასევე გეგმავს, რომ ეს ორი არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს. შესაბამისად, ვადების სრული დაცვით იქნება ეს ორი არჩევნები დანიშნული“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების დანიშვნის პროცედურას, ანა მიქელაძის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ დღეიდან დაიწყო ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა და პროცედურები, ასევე დაშვებები და აკრძალვები, რაც უშუალოდ დაკავშირებულია არჩევნების დანიშვნასთან.

მისივე განმარტებით, დღეიდან ამოქმედდა ის მუხლები, რაც დაკავშირებულია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებასთან. გარდა ამისა, დღეიდან ამოქმედდა ის ნორმები, რაც უკავშირდება სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების, ასევე თანამდებობრივი თუ სამსახურეობრივი მდგომარეობის აკრძალვას.

„ამასთან, აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკვე დღეიდან პოლიტიკურ პარტიას, ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია განცხადებით მიმართოს ცესკო-ს თავმჯდომარეს რეგისტრაციის გავლის მიზნით. მიმართვის ბოლო ვადა არის 23 მარტი.

გარდა ამისა, დღეიდან მედიასაშუალებებს სადამკვირებლო ორგანიზაციებს უკვე აქვთ შესაძლებლობა აკრედიტაციის გავლის მიზნით მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა