აუდიტის სამსახური - შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 43% კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 43% კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა.

სახელმწიფო აუდიტის განმარტებით, არაკონკურენტული ტენდერები ზოგიერთ შემთხვევაში, არაპროპორციულმა სატენდერო მოთხოვნებმა, საქონლის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით დეტალურმა განსაზღვრამ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში − შესყიდვის საშუალების შერჩევის ნაკლოვანებამ გამოიწვია.

ანგარიშში უკონკურსო ტენდერების კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი, კერძოდ საუბარია, რომ სააგენტოს მიერ მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მანქანების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი ფორმალურ ხასიათს ატარებდა სატენდერო მახასიათებლები შესაბამისობაში იყო SKODA-ს მარკის ავტომანქანასთან და მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

ამასთან უწყებამ, 2017 წელს ტენდერის გზით განხორციელა SKODA-ს მოდელის საპატრულო მანქანების შესყიდვა , რაზეც 8,7 მლნ ლარი დახარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, წინა პერიოდში 2014-2015 წლებში შესყიდული იყო FORD-ის მარკის საპატრულო მანქანები. FORD-ის ავტომანქანების შესყიდვა, თავის მხრივ, არაეკონომიური აღმოჩნდა და ამიტომ გადაწყდა მისი SKODA-ს მარკით ჩანაცვლება.

„სამინისტროში არ არსებობს დადგენილი და დამტკიცებული კრიტერიუმები, რომელსაც საპატრულო ავტომანქანები (საქართველოს გზების და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით) უნდა აკმაყოფილებდეს. სხვადასხვა წლებში ჩატარებულ ტენდერებში ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებულია და შესაბამისობაშია ავტომანქანის კონკრეტულ მარკასა და მოდელთან, რაც ვერ უზრუნველყოფს მინიმალურ კონკურენციას,“-აღნიშნულია ანგარიშში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ მისვლისთანავე აღმოფხვრა ყველა არსებული ხარვეზი და აუდიტის დასკვნაში მითითებული 2017 წლის მსგავსი ფაქტები მომსახურების სააგენტოში 2018 წლიდანვე აღარ ფიქსირდება.

„სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს, წინა ხელმძღვანელობის პერიოდში, განხორციელბულ სახელმწიფო შესყიდებზე ანგარიში. აუდიტის დასკვნაში აღწერილია მომსახურების სააგენტოში 2017 წელს აღმოჩენილი ხარვეზები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სრულად ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, რომელმაც მოსვლისთანავე აღმოფხვრა ყველა არსებული ხარვეზი და აუდიტის დასკვნაში მითითებული 2017 წლის მსგავსი ფაქტები მომსახურების სააგენტოში 2018 წლიდანვე აღარ ფიქსირდება“, - განაცხადეს შსს-ში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა