საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე განმარტებას აკეთებს

„არის რიგი პრობლემები, რომლებიც უკვე გადაიჭრა, ამასთან, რა თქმა უნდა არის გამოწვევებიც, რომელთა დაძლევაზე საგანგებო სიტუაციების სამსახური ამ დროისთვის აქტიურად მუშაობს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, სახელმწიფო აუდიტმა უწყება იმ პერიოდში შეამოწმა, როდესაც რეალურად სამსახურის სტრუქტურის ჩამოყალიბება დაიწყო და გარდამტეხი რეფორმები გატარდა, მათ შორის პარლამენტის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებით. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზების ნაწილი უწყების მიერ გამოსწორებულია.

„სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ამ მიმართულებით თითქმის ყველა შენობაში არსებობს პრობლემები, რაც აუდიტის ანგარიშში აისახა და სწორედ ის სტატისტიკაა მოყვანილი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ და რომლის მიხედვითაც, 2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული 226 ობიექტიდან, სრულყოფილად მხოლოდ 1 ობიექტი აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს ,“- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რაც შეეხება ინსპექტორების რაოდენობის შემცირებას, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას უწყებაში განმარტავენ, ინსპექტორების რაოდენობის 6-ჯერ შემცირება იმან გამოიწვია, რომ დღეს ინსპექტორები აღარ არიან საქართველოს რეგიონებში და შემმოწმებლები თბილისიდან იგზავნებიან. ამასთან, უწყებაში ამჟამადაც ხდება ახალი კადრების აყვანა.

„არათუ შემცირდა ინსპექტორების რაოდენობა, სტრუქტურული ცვლილებების და რეფორმის ფარგლებში გაუქმდა ინსპექტორების შტატები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და თბილისში დაემატა ინსპექტორის შტატები, იქიდან გამომდინარე, რომ ცვლილებების ფარგლებში ამ ინსტიტუტის ცენტრალიზაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იმას ემსახურება, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ინსპექტორის მხრიდან კონკრეტული ობიექტის მიმართ ლოიალურად დაწერილი დასკვნის არსებობის ალბათობა, რამდენადაც რეგიონებში ინსპექტორების უმეტესობა იყო ადგილობრივი, რომლებიც კარგად იცნობდნენ არსებულ ვითარებას და არსებობდა გარკვეული ადამიანურ ფაქტორი, რომ ლოიალური და არაობიექტური დასკვნები დაწერილიყო. ამასთან, ცხადია გააზრებული იყო, რომ შესამოწმებელი ობიექტების გაზრდა მეტი ადამიანურ რესურსის საჭიროებას დააყენებდა დღის წესრიგში და კადრების დამატება ამ დროისთვისაც მიმდინარებს უწყებაში,“- განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, ობიექტების შერჩევის კრიტერიუმებს თავად არ ადგენენ და ეს კრიტერიუმები კანონმდებლობითაა გაწერილი.

„2017 წელს არსებული კრიტერიუმებით შესამოწმებელი ობიექტების ჩამონათვალი განსხვავდება 2018 წელს, ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული კრიტერიუმებისგან. მაგალითად, 2017 წელს შემოწმებას არ ექვემდებარებოდა მცირე ზომის, 100 ერთეულზე ნაკლებნომრიანი სასტუმროები და ისეთი ტიპის გასართობი ცენტრები, რომელთა ფართობი არ აღემატებოდა 300 კვადრატულ მეტრს, ახლა უკვე ასეთი ტიპის ობიექტებიც მოწმდება, რამდენადაც კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ობიექტები ნაკლებად ითვალისწინებენ და რეკომენდაციები სრულად ობიექტების მხოლოდ 14%-მა, ანუ 408 დარღვევების მქონედან 59 ობიექტმა შეასრულა, უწყებაში აცხადებენ, რომ იმ დროისთვის არსებული სანქციები, 200 ლარიანი ჯარიმა არ იყო კარგი სტიმული ობიექტებისთვის, რომ რეკომენდაციები გაეთვალისწინებინათ. ამასთან არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მოხდეს იმ ობიექტების სიის გასაჯაროება, რომელსაც უწყება აჯარიმებს და სადაც უსაფრთხოების სტანდარტები დაცული არაა, თუმცა კონკრეტულად როდის იქნება მსგავსი სიების გასაჯაროება შესაძლებელი, ვერ აკონკრეტებენ.

„ჩვენი ინსპექტორები ობიექტის პირველი შემოწმებისას აფასებენ სიტუაციას, თუ რა არის გამოსასწორებელი და დროში გაწერილ რეკომენდაციებს აძლევენ ობიექტებს. ამის შემდეგ ხდება ობიექტების მეორედ შემოწმება იმის გასარკვევად, თუ რამდენად სრულდება გაცემული რეკომენდაციები და თუ ფიქსირდება რეკომენდაციების შეუსრულებლობა შესაბამის სანქციებს მივმართავთ. 2017 წელს მაქსიმალური ფულადი ჯარიმა იყო 200 ლარი, მსხვილ ობიექტებს ერჩივნათ ეს ჯარიმა გადაეხადათ, ვიდრე ბევრად მეტი დაეხარჯათ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. კანონში შეტანილი ცვლილებით ჯარიმა 300 ლარიდან 10 000 ლარამდე განისაზღვრა, რაც ბევრად უკეთესი სტიმულია ობიექტებისთვის, რომ შესაბამისი ზომები გაატარონ უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, განვიხილავთ, რომ შესაძლოა გასაჯაროვდეს იმ ობიექტების სია, რომლებიც დაჯარიმდნენ და სტანდარტს არ აკმაყოფილებენ, ეს ჯარიმაზე მეტად ეფექტური საშუალება იქნება სახანძრო უსაფრთხოების გამოსწორების თვალსაზრისით,“- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას ობიექტებში. აუდიტის პერიოდი 2016-2017 წლებს და 2018 წლის პირველ ნახევარს მოიცავდა.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს განხორციელებული რეფორმების შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სია 9 103 ობიექტიდან სულ მცირე 15 000 ობიექტამდე გაზარდა და სახანძრო ინსპექტორების რაოდებობა 201-დან 32-მდე შეამცირა, შესაბამისად ინსპექტორების რაოდენობა არ არის საკმარისი ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების შესამოწმებლად.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის რეფორმის შედეგად ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სიის ზრდისა და ინსპექტორების რაოდენობის შემცირების საპასუხოდ, სამსახურს არ აქვს შემუშავებული ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები, შესაბამისი მეთოდოლოგია და ინსპექტორების ობიექტებზე განაწილების ახალი სისტემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა