პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლე პროკურატურაში დაიბარეს

სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლე პროკურატურაში დაიბარეს. როგორც მარინე ნიკოლოზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეში ბევრი გაურკვეველი დეტალია და იმედოვნებს, რომ ორშაბათს პროკურატურაში კითხვებზე პასუხს მიიღებს. მისივე თქმით, კონკრეტული მოთხოვნებისა და პრეტენზიების შესახებ დამატებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

„ორშაბათს, 10:30 საათზე, უნდა მივიდა პროკურატურაში და გარკვეული შეხვედრა გვექნება. მე ვთვლი, რომ პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან ბევრი დარღვევაა ბიძინა კუჭავას საქმესთან დაკავშირებით. მაქვს კონკრეტული მოთხოვნები, პრეტენზიები და კითხვები“, - აცხადებს მარინე ნიკოლოზაშვილი.

ბიძინა კუჭავას მეუღლე საგამოძიებო უწყებებისგან საქმის მასალებზე წვდომასაც ითხოვს. ამასთან, მარინე ნიკოლოზაშვილის თქმით, მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ბიძინა კუჭავა მოკლეს და თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

„ვითხოვ მთელ სიას, რა ღონისძიებები ჩაატარა პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე მოვითხოვე, რომ მუხლს, რომლითაც არის აღძრული საქმე თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, შეეცვალოს კვალიფიკაცია და საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრას. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ბიძინა კუჭავა მოკლულია. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და მიპასუხოს ამ კითხვებზე“,-განაცხადა მარინე ნიკოლოზაშვილმა

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, პროკურორი ვახტანგ ქირია 2016 წლის იანვარში, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებულად ბიძინა კუჭავა 17 იანვარს გამოაცხადა. უწყების ცნობით, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა მაშინ, როდესაც სამართალდამცველები დაედევნენ მის მანქანას და შეაჩერეს.