ნათია მეზვრიშვილი - ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება

ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ქვეყანაში დანაშაულის ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, აქცენტი ხშირად კეთდება, რომ დანაშაული მოხდა, თუმცა პოლიციის მხრიდან მასზე რეაგირება, ყურადღების მიღმა რჩება.

„ძალიან ხშირად აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მოხდა ყაჩაღობა, მკვლელობა, ძარცვა და საუბარი აღარ გრძელდება, რა რეაგირება მოჰყვა ამას პოლიციისგან. ის ფაქტები, რომლის გაშუქებაც ხდება, რა თქმა უნდა, ხდება.

აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი გაიხსნა, დამნაშავეები დაკავებულნი არიან და მათ სასჯელი ელოდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ, დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შს სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება დანაშაულის ზრდის სტატისტიკას, მინისტრის მოადგილის თქმით, ციფრებში დანაშაულის ზრდა არის, მაგრამ ამის მიზეზი მრავალია.

„ციფრებში ზრდა გვაქვს, ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მიზეზი არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ გავასწორეთ, პრაქტიკაში ამის აღსრულება ხდება",- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ბოლო დროის სტატისტიკა საფუძველი არ უნდა გახდეს იმის, რომ ყველა დანაშაულთან მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდეს.

„ჩვენ თუ ამ ისტერიკაზე დავაფუძნებთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, გამოვვარდებით და ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა და მოდი ახლა ნულოვანი ტოლერანტობა იყოს ყველა დანაშაულთან მიმართებით, ვიტრიალებთ იგივე წრეზე და გავა წლები და პრობლემა იგივე იქნება. ამიტომ, არ გვინდა ეს გავაკეთოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმებით, საქმიანობის ხარისხობრივი გაუმჯობესებით, ახალი კანონების მიღებით, სანქციების გამკაცრებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა