საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა

საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურ გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება.
„ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მხარის ჩართულობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლებაში და იმედი გამოთქვა, რომ ესტონელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან სწავლებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
მინისტრმა ესტონეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ესტონელი დამკვირვებლების როლზე გაამახვილა ყურადღება.
ესტონელ გენერალთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციას ნატო-ს შეკავების პოლიტიკის შესაბამისად განაგრძობს, რაც მიზნად ისახავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























