„ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის" ფართის გადაცემას ქუთაისის  საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, ა(ა)იპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის" ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, საკრებულოზე დაპირისპირება მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიცია ფართის უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაცემას გაუმართლებლად მიიჩნევს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიას აცხადებს, რომ მერია ტერიტორიას უსასყიდლოდ არ უნდა გასცემდეს, თანაც იმ უნივერსიტეტისთვის, რომლის მხოლოდ საძირკველი მესამე წელია შენდება.

მას, ასევე მიაჩნია, რომ 60 000 სტუდენტის ნაცვლად, 3 000 სტუდენტის მოზიდვა ქუთაისის ეკონომიკაზე ვერ აისახება.

„მშენებლობის პროცესი საგრძნობლად გაიწელა, იქ მხოლოდ ბაყაყების ყიყინი ისმის და საეჭვოა, რომ ოდესმე ქუთაისმა 60 ათასი სტუდენტი მიიღოს. ამის ფონზე, ე.წ. რექტორი წლიურად 118 000 ლარს იღებს არარსებული უნივერსიტეტის რექტორობიდან“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ა(ა)იპ-ს დამატებითი ტერიტორია სამუშაოების საწარმოებლად სჭირდებოდა და მიწის ნაკვეთი მერიას, სამუშაოების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, 15 მაისისთვის დასრულდება პირველი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 7-სართულიანი იქნება.

„რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების გაწელილ პროცესს, ამის მიზეზი ისაა, რომ დაიდო ხელშეკრულება მიუნხენის უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც მოგვიწია პროექტის გადაკეთება. მიმდინარეობს სამუშაოები, ყველაფერი ხარისხიანი იქნება. სტუდენტებს პირველად 2020 წელს მივიღებთ“, - განმარტა გიორგი ჭიღვარიამ.

მერიაში ასევე არ ადასტურებენ, რომ ადგილზე ბეტონის ქარხანა უნებართვოდ აშენდა.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის თქმით, ქარხნის მოწყობის შესახებ მერია ინფორმირებული იყო და თანხმობა მას შემდეგ გაიცა, რაც ა(ა)იპ-მა ტერიტორია ოფიციალურად მოითხოვა.

ა(ა)იპ-ისთვის 8 000 კმ. მეტრი ფართობის გადაცემას საკრებულომ მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, ფონდმა „ქართუმ" ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა