ლევან იზორია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ავიაციის მთავარი მარშალის სერ სტიუარტ პიჩის თავმჯდომარეობით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო.

როგორც საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა, ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში მტკიცე თანამშრომლობის დემონსტრირებაა.

მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ძალისხმევა სტრატეგიული მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას.

„ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ ნატოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან პრაქტიკულ მექამიზმს გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ჩამოყალიბდა.

ასევე, დღესვე სასტუმრო „ბილტმორში“ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ვიზიტის მეორე დღეს კი, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP).

ვიზიტი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასრულდება, სადაც ალიანსის სამხედრო წარმომადგენლები ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას გაეცნობიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა