საკონსტიტუციო სასამართლო  ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელს დღეს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა აცნობა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე უარს ეხება. მისივე ინფორმაციით, სასამართლო განხილვა 2019 წლის 28 მარტს დაინიშნა.

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, ყველა დაზარალებულს უფლება მიეცემა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი და უნდობლობას აღრმავებს დაზარალებულსა და პროკურატურას შორის.

„ჩვენ ვასაჩივრებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის თ პუნქტის შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. მარტივად რომ ავხსნათ, ვითხოვთ დაზარალებულებს ჰქონდეთ უფლება არა მხოლოდ სიტყვიერად მიიღონ ინფორმაცია პროკურორის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არამედ მიეცეთ შესაძლებლობა, ხელზე მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები და ამით კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან ეს ასევე ხელს შეუწყობს დაზარალებულების ნდობის გაძლიერებას გამოძიების მიმართ და თუნდაც უკვე ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ჩვენი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელი, უკვე წარმატებაა. დანარჩენს სასამართლო განხილვა დაგვანახებს“, - აცხადებს გიგუაშვილი.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პროკურატურა უკვე 25 წელია იძიებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც 2015 წელს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 2019 წლის 28 მარტს დაინიშნა.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ