სუს-ი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის მიდგომები არ შეცვლილა და 2018 წელს კვლავ გამოიხატებოდა ანექსიის პოლიტიკის გატარებაში

საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

პარლამენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა საოკუპაციო ძალის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ე.წ. პოლიტიკური ძალების აქტივობები მთლიანად იმიტაციურ ხასიათს ატარებდა, რადგან ადგილზე არსებული ყველა „პოლიტიკური პარტია“ თუ „გაერთიანება“ პრორუსულია, ე.წ. პოლიტიკოსების “კარიერა” კი სრულად არის დამოკიდებული რუსეთის “კეთილგანწყობაზე”.

ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესების სამართავად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ხელოვნურად შექმნილ „პოლიტიკურ-ეკონომიკურ” არასტაბილურობას და დე ფაქტო რეჟიმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე-ფაქტო რეჟიმი კი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ი მიიჩნევს, რომ ანექსიის პროცესის ჭრილშია განსახილველი ე.წ. საბაჟო სამსახურების სინქრონიზაციის საკითხი.

„საანგარიშო პერიოდში ასევე გრძელდებოდა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეობის ფლობის წახალისება და მისი გამარტივებული წესით მიღების მექანიზმების შემუშავება.

ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავაც დამოკიდებული არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45% (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 86% (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ე.წ. ბიუჯეტების დარჩენილი წილის შევსება კი რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა“, - აღნიშნავს სუს-ი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაცია კვლავ იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებს საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მიზნებისთვის.

„ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების გახშირებული ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და „ურთიერთდახმარების“ მიზნით დაწყებული თანამშრომლობა (მათ შორის, სამხედრო სფეროში). აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება დაიწყო რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობამ, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის იყენებს. ამავე პერიოდში დაიწყო ე.წ. აფხაზური საბანკო ბარათების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან, რომელმაც 2018 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-ი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთხოებას.

„საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღების და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა.

საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა.

საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებდნენ უკანონო დაკავებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული.

უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ახდენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას.

2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და ე.წ.

ბორდერიზაციას, საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, გასულმა წელმა ცხადყო, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

„კვლავ მწვავედ დგას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისაკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.

გასული წლის განმავლობაში კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ გალის რაიონში ეთნიკური ქართველების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ვითარება. გალის მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, საკუთრების უფლება საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული არალეგიტიმური შეზღუდვებით უკიდურესად არის გაუარესებული. საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც გალელი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ ეთნიკური კუთვნილების „შეცვლასთან“. აღნიშნული მიზნისთვის საოკუპაციო ძალა და დე ფაქტო რეჟიმი აქტიურად იყენებენ „სამურზაყანოელი აფხაზის“ გამოგონილ ცნებას და მისი დამკვიდრების მიზნით შექმნილ ე.წ. ორგანიზაციებს.

2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ეთნიკური ქართველების სახლების განადგურების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული კვალის წაშლის და ქართველების საცხოვრებელი სახლების განადგურების მიზნით ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერედვში რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ნაგავსაყრელის მოწყობის გეგმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად მოიპოვებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხდება ამ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. საოკუპაციო ძალის, დე ფაქტო რეჟიმების, მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ განხორციელებულ არაკანონიერ საქმიანობასთან და მის შედეგებთან დაპირისპირება მიმდინარეობს საერთაშორისო მექანიზმებისა და ყველა რელევანტური ბერკეტის საშუალებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში, სადაც სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყებაა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სუს-ი ყურადღებას არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზეც ამახვილებს.

„2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც IPRM-ის შეხვედრების მიზანმიმართულ დაზიანებაში გამოიხატებოდა. დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან გ. ოთხოზორიას, ა. ტატუნაშვილის და დ. ბაშარულის საკითხების ამოღება ულტიმატუმის სახით მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ოქტომბერსა და ნოემბერში აღნიშნული შეხვედრები არ გამართულა, ხოლო ოკუპირებულ ქ. გალში IPRM-ის ფორმატი 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ამ დრომდე შეწყვეტილია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ქ. გალში 6, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 7 შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს განიხილავს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფორმატისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს IPRM-ში კონსტრუქციულ მონაწილეობას და იჩენს ძალისხმევას ქ. გალის შეხვედრების აღდგენის მიმართულებით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით მართული „ცხელი ხაზი“ წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმის საშუალებით ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტებისა და დაძაბულობის პრევენციას და უმოკლეს ვადაში გარკვევა-გადაწყვეტას. „ცხელი ხაზის“ გააქტიურების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ზემოაღნიშნული მექანიზმი 2 182-ჯერ იქნა გამოყენებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რათა ადგილზე არსებული ვითარება ობიექტურად მიეწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს, თანათავმჯდომარეებს და შეხვედრის ყველა მონაწილეს. საანგარიშო პერიოდში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ოთხი რაუნდი გაიმართა (43-ე, 44-ე, 45-ე და 46-ე).

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად თანამშრომლობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ EUMM-ს არ ეძლევა საშუალება, განახორციელოს მანდატით განსაზღვრული უფლება, აწარმოოს მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. აღნიშნულის მიუხედავად, EUMM (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან ერთად) მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლობებთან; 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების პროცესში კი - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC).

უსაფრთხოების სამსახური ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ორგანიზებულ ე.წ. სამმხრივი საკოორდინაციო შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს. 2018 წელს ორი შეხვედრა გაიმართა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალურად განეიტრალების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2018 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე მაღალი რანგის სხვადასხვა ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 39 ვიზიტს გაუწია ორგანიზება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა