ლევან იზორია - აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ექნება აშშ-სთან ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სწავლება - „მტკიცე სული“

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ექნება აშშ-სთან ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სწავლება - „მტკიცე სული“, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ს ადმირალ ჯეიმს ფოგოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს, როგორც ნატო-ს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მთავარ სტატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გააჩნია.
„გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა ერთის მხრივ შეგვეფასებინა ჩვენი თანამშრომლობის დინამიკა, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია. ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც დღეს გვაქვს, ორ ქვეყანას არასდროს ჰქონია.
ამას მოწმობს სხვადასხვა ინიციატივა, განსაკუთრებით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელება.
მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ადმირალთან მქონდა შესაძლებლობა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე მესაუბრა, რაც უფრო დინამიური და მასშტაბური იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ შემდეგი ნატო- საქართველოს სწავლება 2022 წელს გაიმართება.

























