ანა დოლიძე - გამოცდილება გვაქვს თუ როგორ გამოიყენა კობახიძემ ვენეციის კომისია პოლიტიკური მიზნებისთვის - კობახიძის მხრიდან ეს ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა

ირაკლი კობახიძის მხრიდან ეს არის ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა და რა ემართება ორი კურდღლის მადევარს, ეს ყველამ კარგად ვიცით, - ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეეხება. ირაკლი კობახიძის განცხადებებით, ისინი გაიზიარებენ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც კონსტიტუციის პრინციპებიდან იქნება გამომდინარე.

როგორც ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, კობახიძის განცხადება ვენეციის კომისიის შეურაცხმყოფელია. დოლიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სათავისოდ წაიკითხავს დასკვნას, როგორც ეს საარჩევნო ცვლილებებთან მიმართებით მოხდა.

„გამოცდილება გვაქვს თუ როგორ გამოიყენა ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, როდესაც ის წერდა კონსტიტუციას. მაგალითად, რაც მოხდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე, ეს პროცესი გადაწიეს. კობახიძის ეს განცხადება წინასწარ ემსახურება იმას, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მან სათავისოდ წაიკითხოს. ვენეციის კომისიას უნდა შევხედოთ, როგორც ექსპერტების ორგანოს და მთლიანობაში წავიკითხოთ თუ რა რეკომენდაციებს გასცემენ. თავად ეს განცხადება, რომ ვენეციის კომისიამ შეიძლება დაგვიწეროს დასკვნა, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ იქნება, არის დიდი შეურაცხყოფა ვენეციის კომისიის. ანუ ვენეციის კომისია ისე მუშაობს, რომ არ ეცოდინება რა წერია ჩვენს კონსტიტუციაში, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ეს არის ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა, რომ თან გაიმყარონ ვენეციის კომისიასთან უსუსტესი პოზიცია და თან კომისიიდან მიიღონ მხოლოდ ის შეთავაზებები, რაც თავად აწყობთ. რა ემართება ორი კურდღლის მდევარს, ეს ყველამ კარგად ვიცით, ხალხური სიბრძნეა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტზე განაცხადა, რომ ის სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან.

„ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა