ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები - არავითარი საფუძველი არა გვაქვს დავუჯეროთ ვინმეს დაპირებებს - თუ ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები განცხადებას ავრცელებენ და ბიძინა ივანიშვილის მიერ სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას ეხმაურებიან.

„გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე.

ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ, ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს... „ქართული ოცნება“ უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.

რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი "მუჯლუგუნების" შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით!

სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დავუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო - ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა, ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს“, - ნათქვამია ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა.

„ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა .

მისივე განცხადებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების საქმე დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.