ქართული პრესის მიმოხილვა 01.04.2019

რამაზ საყვარელიძე - “კონფიგურაცია - ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ, ივანიშვილი პრემიერად - უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს”

ივანიშვილი სამეგრელოში - “ოცნებამ” საარჩევნო კამპანია “მთავარი კოზირით” დაიწყო

რას ფიქრობს ივანიშვილის განცხადებაზე გამსახურდიების ოჯახი და რა განაჩენს ელიან საკონსტიტუციო სასამართლოსგან

* * *

რამაზ საყვარელიძე - “კონფიგურაცია - ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ, ივანიშვილი პრემიერად - უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს”

“ქართულ ოცნებას” აღარ აქვს უფლება, დაელოდოს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნას, რადგან მანამდე ძალიან ბევრი რამ აქვს მოსასწრები - ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი სწორედ საარჩევნო კამპანიის არაოფიციალური დასაწყისია. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ პოლიტიკოსებს ვაბრალებთ რაღაც ჩანაფიქრს, არადა, ისინი შესაძლოა ასეთი წინასწარგანზრახვით არც მოქმედებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ივანიშვილის ვიზიტის საარჩევნო ქვეტექსტი არა მგონია, მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება იყოს. მით უფრო, რომ მისი სამეგრელოში მოგზაურობა უკვე ზუგდიდით გაგრძელდა, სადაც “ქართულ ოცნებას” დიდი ბრძოლა ელის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში”, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კონფიგურაცია - ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ, ივანიშვილი პრემიერად - უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს” / “ოპოზიციაში არ ჩანს არც ლიდერი და არც ისეთი ძალა, რომელიც საზოგადოების დაკვეთას იმგვარად უპასუხებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი მიეცეს” / “ერთი ახალი ფიგურის გამოჩენასაც კი შესაძლოა სრულიად მოულოდნელი პროცესები მოჰყვეს და მნიშვნელოვნად შეცვალოს ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფა“.

“ხიბულასა და ზუგდიდში გაცემული დაპირებების ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ეს საარჩევნო ციკლი, ალბათ, ძვირი დაუჯდება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რამდენი აქვს ადამიანს და ძვირად რას მიიჩნევს. ხუმრობა იქით იყოს და, ჩვენ აქამდე ყველა არჩევნებში ყურადღებით ვაკვირდებოდით, თუ რა ეტაპზე ჩაერთვებოდა ივანიშვილი საარჩევნო პროცესში. მაგალითად, კახა კალაძის არჩევნებმა ისე ჩაიარა, ივანიშვილი არც გამოჩენილა. როგორც ჩანს, ამჯერად სულ სხვა ვითარებაა. ჩემი აზრით, მათ ჩატარებული აქვთ სოციოლოგიური კვლევები და, ალბათ, არცთუ სახარბიელო შედეგი მიიღეს. ეს შეეხება განსაკუთრებით ზუგდიდში ჩასატარებელ მერის რიგგარეშე არჩევნებს, სადაც ხელისუფლების კანდიდატს სანდრა რულოვსი დაუპირისპირდება, ამიტომაც ივანიშვილი უკვე საწყის ეტაპზევე გამოჩნდა. ისე, არ გამოვრიცხავ, ნაწილობრივ ხიბულაშიც, განსაკუთრებით კი ზუგდიდში გაკეთებული განცხადებები, ოპონენტებმა ივანიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაშიც ჩაუთვალონ. რაც შეეხება ჩემს ნათქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დაუბრუნდეს 2012 წლის დროინდელ შემართებას და საზოგადოებასთან გახსნილ ურთიერთობას, არ მიგულისხმია, რომ ამას მოახერხებს “ქართული ოცნების” ამჟამინდელ შემადგენლობასთან ერთად”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“როცა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ცვლილებებს შეგვპირდა, ვფიქრობ, მაშინვე გამოჩნდა, რომ მანაც მშვენივრად იცის, ამ კადრებით 2020 წელს გამარჯვება ძალიან გაუძნელდება. თუკი ივანიშვილი მნიშვნელოვნად აპირებს რაიმეს შეცვლას, აუცილებლად მოუწევს ადამიანების შეცვლაც. იგივე ხალხი, რომელმაც კრიზისი გამოიწვია პარტიაში და ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მეეჭვება, გამოადგეს. ისინი მოქმედების ხაზს, ალბათ, ვერც შეცვლიან, ჩემი აზრით, არც მოინდომებენ. საკითხი, ვისთან ერთად გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობას, რაც ხიბულაში დაიწყო, ჯერჯერობით გაურკვეველია... ნამდვილად ნაადრევია საარჩევნო სიაზე ლაპარაკი. რაც შეეხება ღარიბაშვილის ფუნქციას, ივანიშვილმა მისი დაბრუნებით უპირველესად სცადა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ “ქართული ოცნება” 2012 წლის ღირებულებების ერთგულია, ღარიბაშვილი ხომ იმჟამინდელი ბრძოლის გარკვეული სიმბოლოც არის, იყო აქტიური და ქმედითი პრემიერ-მინისტრიც, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” განსაკუთრებული შეურიგებლობით გამოირჩეოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღესაც “ნაციონალები” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა “ქართული ოცნებისთვის”, 2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნების საფრთხე იყო “ქართული ოცნების” წარმატების ერთ-ერთი საშუალება. როგორც ჩანს, `ქართული ოცნება~ ამ თემის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებისთვისაც აპირებს და ეს კარგად გამოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნების შემდგომ მის პირველივე ინტერვიუში, რომელშიც ის მუდმივად უბრუნდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას. პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზანი, გარდა შიდაპარტიული ერთიანობის უზრუნველყოფის მცდელობისა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” მუდმივი კონფრონტაციაც იქნება. თუმცა ეს ხერხი `ქართული ოცნებისთვის" შეიძლება მართლაც სახიფათო აღმოჩნდეს, მით უფრო, რომ სულ უფრო ძლიერდება განწყობა, როდესაც აღარც “ქართული ოცნება” ეპიტნავება ამომრჩეველს და არც “ნაციონალური მოძრაობა”. არც ის არის გამორიცხული, ბოლოს და ბოლოს, მესამე ძალა გამოჩნდეს. თავის დროზე, ასეთ ძალად იქცა პაატა ბურჭულაძის პარტია, რომელსაც გამოჩენისთანავე ამომრჩევლის 12%-მდე მხარდაჭერა ჰქონდა. ანალოგიური ფიგურა პოლიტიკაში ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს და თუკი უფრო წინდახედულად მოიქცევა, ვიდრე ბურჭულაძე, არ არის გამორიცხული, “ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ივანიშვილის პრემიერობაზე ხშირად ლაპარაკობს, თუმცა, ჩემი აზრით, მეეჭვება მას ამ თანამდებობაზე დაბრუნება სურდეს. საქმე ის არის, რომ საზოგადოებას მაინც აქვს იმედი, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს და რაღაც სასწაული მოახდინოს. ივანიშვილისთვის საზოგადოების ეს განწყობა, ვფიქრობ, მომგებიანია. პრემიერობა რომც გადაწყვიტოს, მეეჭვება სასწაულის მოხდენა შეძლოს, შესაბამისად, მასზე ხელს საბოლოოდ ჩაიქნევს ქართველი საზოგადოება. ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ ამგვარი კონფიგურაციის შეთავაზება: პარლამენტის თავმჯდომარედ ღარიბაშვილი, ივანიშვილი კი პრემიერად, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ სხვა გზა აღარ ექნება ივანიშვილს”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნებამდე აუცილებელი გახდება მთავრობის გადახალისებაც?” - პასუხობს: “ვფიქრობ, `ქართული ოცნების" კრიზისის მიზეზი მთავრობა არ არის. ეს უფრო პოლიტიკური და იდეოლოგიური პრობლემებია და ეს საზოგადოდ ხელისუფლებას შეეხება. ვნახეთ, რა მძაფრი რეაქცია მოჰყვა მოსამართლეთა არჩევის საკითხს, ამ ფონზე მთავრობაში მინისტრების შეცვლა “ქართულ ოცნებას” ბევრს არაფერს მოუტანს. მან საზოგადოებას თვალნათლად უნდა აჩვენოს, რომ “ქართული ოცნება” ერთგულია თავდაპირველი ღირებულებების, ამიტომაც უპირველესად, პოლიტიკური გუნდის გადახალისებაზე ფიქრი მოუწევთ, რაც ძალიან რთული საქმეა. მნიშვნელოვანი იქნება, როგორ წარიმართება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა”.

“ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძის ჯგუფს “ქართული ოცნების” წიაღში დიდი პოლიტიკური დღე აღარ აქვს. არის მოლოდინი, რომ ამ ჯგუფის ზოგიერთ წევრს დააწინაურებენ სასამართლო სისტემაში, მაგალითად, კობახიძე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძის გუნდი სწორედ ამიტომ მფარველობს სააკაშვილის მოსამართლეებს ასე თავგამოდებით, რათა მერე მათთან ადვილად ითანამშრომლოს. მოკლედ, ვფიქრობ, ივანიშვილი პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობას ხედავს და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი კიდეც, მისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რომელთაც ის ძალიან ნელა ამზადებს. შეუძლებელია ვერ ხედავდეს თავისი პოლიტიკური ძალის დღევანდელ პრობლემებს, იმას, რომ საზოგადოებაში კრიტიკული განწყობა იზრდება. შეიძლება ითქვას, ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო მოსამართლეებსა და “თიბისი ბანკთან” დაკავშირებული აუხსნელი პროცესებიც, რაც დღემდე გამოცანად რჩება. ამიტომაც ველი ივანიშვილისგან ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებს, თუ, რა თქმა უნდა, ისევ არ გაიტაცა რომელიმე საკუთარმა იდეამ, რაც ძალიან დააზარალებს. სწორედ ასე მოხდა, როდესაც ხან მურუსიძის მსხვერპლად წარმოდგენა სცადა, ხანაც პარტიის მართვა ტუჩზე რძეშეუშრობ ყმაწვილებს მიანდო. ამ გადასახედიდან ოპოზიციურ ფლანგზეც საიმედო ბევრი არაფერი ჩანს. აშკარაა თანამშრომლობის მცდელობა, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება, არ ვიცი. სამწუხაროდ, ოპოზიციაში არ ჩანს არც ლიდერი და არც ისეთი ძალა, რომელიც საზოგადოების დაკვეთას იმგვარად უპასუხებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი მიეცეს. მოკლედ, დღეს პოლიტიკური ელიტის კრიზისია”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

ივანიშვილი სამეგრელოში - “ოცნებამ” საარჩევნო კამპანია “მთავარი კოზირით” დაიწყო

“ოცნება” შუალედური არჩევნებისთვის მთავარ კოზირს, ბიძინა ივანიშვილს, თამაშში შემოიყვანს - ეს მოსაზრება ანალიტიკოსებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე დღის წინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სოფელ ხიბულაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იგი ადგილობრივებს უახლოეს ხანში სოფლის გაზიფიცირებას, წყალმომარაგებას, გზის რეაბილიტაციას, ეკლესიის აშენებას, ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმის, საბავშვო ბაღის ახალი შენობის აშენებასა და ჯიხას რეაბილიტაციას დაჰპირდა. უფრო მეტიც, ივანიშვილმა წუხილი გამოთქვა, რომ ამდენი ხანია, გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება წინ არ წასულა და სიმართლე არ გარკვეულა... ექსპერტთა აზრით, ივანიშვილის გამოჩენა და საარჩევნო მარათონში ჩართვა მოსალოდნელი იყო, რადგანაც ახლა “ოცნებას” საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და მისთვის 19 მაისის არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილი სამეგრელოში - “ოცნებამ” საარჩევნო კამპანია “მთავარი კოზირით” დაიწყო / “ის დრო, როდესაც მას ხალხი მიესალმებოდა, უყვარდათ და მისი იმედი ჰქონდათ, სამწუხაროდ, წავიდა...”.

“ანალიტიკოსთა თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პარტიის თავმჯდომარე ყველა იმ რეგიონში, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, თავად ჩავიდეს და ადგილობრივებს პრობლემების მოგვარების პირობა მისცეს. თუმცა იმასაც ვარაუდობენ, რომ მოსახლეობასთან მასობრივ შეხვედრას ვერ გაბედავს და მხოლოდ მცირე ჯგუფებთან დაგეგმილი შეხვედრებით შემოიფარგლება. ხოლო ივანიშვილის ფაქტორი “ოცნებას” კიდევ გადაარჩენს თუ არა, პოლიტოლოგების აზრით, ეს უკვე არჩევნების შედეგების შემდეგ გაირკვევა. “ქართული ოცნების” წევრ აკაკი ზოიძის თქმით, გასაკვირი არაა თუ პარტიის თავმჯდომარე შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პროპაგანდაში აქტიურად იქნება ჩართული - მისი ჩართვა კი ამ პროცესში არ ნიშნავს, რომ “ოცნებას” საქმე ძალიან ცუდად აქვს, პირიქით, ის პარტიის თავმჯდომარეა და მსგავსი აქტიურობა ლოგიკურიც არის. “კონკრეტულად რას და როგორ გეგმავს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. იგი პარტიის თავმჯდომარეა და რაღაცა ფორმით რომ ყველა არჩევნებში ჩართული იქნება, ამას ალბათ წინასწარი პროგნოზიც არ სჭირდება. ვნახოთ, გამოჩნდება ალბათ, რა გეგმები აქვს,” - აღნიშნა ზოიძემ. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ხალხთან შეხვედრას დაიწყებს, რაც ლოგიკურიცაა, თუმცა სხვა საკითხია, მისი გამოჩენა რამდენად იქნება ეფექტის მომტანი, რადგან ქვეყანაში ვერანაირი დღის წესრიგი ვერ იქმნება და დაპირებების შესრულებაც აგვიანებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ხუხაშვილი ამბობს, ივანიშვილს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ყველაზე მეტად სამეგრელოში უჭირს და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ქულების დაწერას ცდილობს. ეს კი უხარისხო ნაბიჯია, რადგანაც ამ თემის წამოწევა ოჯახთან მაინც უნდა შეეთანხმებინა და მოემზადებინა. მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღე ამის გამო პრეზიდენტის შვილები პროკურატურასთან შიმშილობდნენ, რაც არავის ადარდებდა. “ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებაზე განცხადება ძალიან არაადეკვატურია იმ ფონზე, როდესაც პროკურატურაში პრეზიდენტის შვილებმა შიმშილით ლამის თავი მოიკლეს და დიდი ხნის განმავლობაში ყურადღება არავის მიუქცევია. ეს პრობლემები არსებობს და ივანიშვილი ისევ ცდილობს, რომ ყველაფერში მატერიალური კომპონენტი შეიტანოს. რაც შეუძლია, იმას აკეთებს”, - ამბობს ხუხაშვილი, რომლის თქმით, “სამწუხაროდ, ის ჭარბი ნდობა, რომელზეც ის გვესაუბრებოდა, საზოგადოებაში აღარ არსებობს, საპნის ბუშტივით გაქრა”, - განაგრძობს გამოცემა.

“შუალედური არჩევნებისთვის, შესაძლოა, იგი სხვაგანაც ვიხილოთ, მთაწმინდაზე კი მისი გამოჩენა საკმაოდ პრობლემური იქნება. ახლა მისი მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხიანი მცდელობაა, მაგრამ როგორც შეუძლიათ, ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ რესურსები მათ ხელშია, გარკვეული რისკი მაინც აქვთ და მხოლოდ რესურსები ვეღარ უშველით... ადრე ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მაქსიმუმი სატელევიზიო ინტერვიუები იყო, რაც არცთუ ეფექტური აღმოჩნდა. ეს საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა და ახლა ცდილობს, ხალხთან უშუალო შეხვედრისა და პირადი დაპირებების ილუზია შექმნას. ივანიშვილს მოსახლეობასთან მასობრივი შეხვედრები უკვე გაუჭირდება, არაკომფორტულად იგრძნობს თავს. ის დრო, როდესაც ხალხი მიესალმებოდა, უყვარდათ და მისი იმედი ჰქონდათ, სამწუხაროდ, წავიდა. ახლა ხალხთან მასობრივი შეხვედრა მისთვის პრობლემაა, შეუძლია, მხოლოდ ასე ფრაგმენტულად რამდენიმე ადამიანს შეხვდეს და დაელაპარაკოს. ხალხთან შეხვედრას ივანიშვილი ვეღარ გარისკავს, ის დრო წავიდა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ანალიტიკოსი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ “ოცნებას”, ივანიშვილის გარდა, ამ ხნის განმავლობაში მეტი კოზირი არა აქვს და გასაკვირი არ იქნება, თუ მას გამოიყენებს. სხვაგვარად შუალედური არჩევნების წაგების წინაშე დგას, რაც პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი აზრით, უნდა თუ არ უნდა, ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში უნდა ჩაერთოს, რადგან ხელისუფლებას ახლა იმის ფუფუნება არა აქვს, რომ თუნდაც შუალედური არჩევნები დათმოს. საზოგადოების რეაქციას კი დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია შეიძლება იყოს. “საკმარისია, “ოცნებამ” დღეს არჩევნები წააგოს, რომ მის მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი დაეკარგება. ეს პროცესი დაიწყება, როდესაც მთელი ოპოზიცია მხოლოდ ერთ დიაგნოზს დასვამს, რომ მათ საპარლამენტო არჩევნების მოგების შანსი აქვთ”, - მიიჩნევს ძაბირაძე, რომლის აზრით, “ოცნება” ამას არ დაუშვებს და კარგად ხვდება, რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლა იმაზე მიუთითებს, რომ თავადაც კარგად ხვდება - ზუგდიდი მათი პარტიისთვის ყველაზე რთული რეგიონია და სიტუაციის დალაგებას იქედან დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ იგი წინასაარჩევნო პროცესში უკვე ჩართულია და ყველგან ჩაერთვება. რა შედეგს მოიტანს ეს, უკვე სხვა საკითხია. ხალხთან მასობრივი შეხვედრები მან შეიძლება გაბედოს, მაგრამ ჭარბი ნდობა კი არა, საერთოდ ნდობა თუ აქვს კიდევ, საკითხავი ესაა. “ოცნებას” თუ ძალაუფლების შენარჩუნება უნდა, სრულიად სხვაგვარად უნდა იქცეოდეს. დავუშვათ, ივანიშვილის დახმარებით შუალედური არჩევნები მოიგეს, რაც გამოსავალი მაინც არ იქნება. ოპოზიციისთვის ეს რეპეტიციაა, “ოცნებისთვის” კი - არა. ივანიშვილის გამოჩენა კი იმას ნიშნავს, რომ სხვა რესურსი აღარა აქვთ, გამოსავალს თავადვე ვეღარ ხედავენ. ხოლო ეს რეალურად რამდენად იქნება გამოსავალი, მაისში გამოჩნდება და ამ არჩევნების შედეგი ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაზე რეალური იქნება”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

რას ფიქრობს ივანიშვილის განცხადებაზე გამსახურდიების ოჯახი და რა განაჩენს ელიან საკონსტიტუციო სასამართლოსგან

“საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იჯახი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ერთობლივი სარჩელი, რომელიც დაზარალებულისთვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე უარს ეხება. 28 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს არგუმენტები და საკუთარი პოზიციები, ამის შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთვის გავიდა. გამსახურდიებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს და ამდენი წლის შემდეგ მათ საქმის მასალების სრულყოფილი გაცნობის საშუალება მიეცემათ. პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია იმასაც არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგშიც წავიდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას ფიქრობს ივანიშვილის განცხადებაზე გამსახურდიების ოჯახი და რა განაჩენს ელიან საკონსტიტუციო სასამართლოსგან.

“საქართველოს პროკურატურა უკვე 25 წელია იძიებს ზვიად გამსახურდიას საქმეს, რომელიც 2015 წელს განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით. გამსახურიდიების ოჯახის ადვოკატი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ 28 მარტს საკონსტიტუციო სასამართლო გაიმართა და მოსამართლეები გადაწყვეტილების მისაღებად არიან გასული. ადვოკატი აცხადებს, რომ ოაჯხის პრობლემა, რის გამოც მათ საკონსტიტუციო სასამართლსო მიმართეს, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ადვოკატის თქმით, დაზარალებულების უფლებებთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული წინაღობები არსებობს და დაზარალებულს საქმის მასალების ასლების მიღების საშუალება არ აქვს. გამსახურდიას ოჯახის წევრებს შეზღუდული დრო აქვთ იმისთვის, რომ მასალებს კრგად გაეცნონ. მათ შეუძლიათ პროკურატურაში მივიდნენ, საქმეს ჩახედონ, მაგრამ მასალების უწყებიდან წამოღების უფლება და შემდგომ მისი ჯეროვნად გაცნობის საშულება არა აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ პროკურატურის მხრიდან 28 მარტს სასამართლოზე ვერანაირი ჯეროვანი არგუმენტი ვერ მივიღეთ, თუ დაზარალებულს საქმის მასალების წაკითხვის უფლება ეძლევა, მისი ასლის გადაღების საშუალება რატომ აღარ აქვს. რა საგამოძიებო ინტერესი არსებობს იმისა, რომ არ მისცე მასალების ჯეროვნად გაცნობის საშუალება. “ამის საწინააღმდეგო ბევრი არგუმენტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადების ვადებს, ასე კონკრეტულად განსაზღვრული არ არის. ერთადერთი არის 9 თვიანი ვადა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ვადა გავიდა კიდეც, რადგანაც სასამართლოს სარჩელით გასული წლის აპრილში მივმართეთ. გადაწყვეტილების გამოცხადების ვადები კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება გადაწყვეტილების მიღება”, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდიას ადვოკატი გიორგი გოცირიძე. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველა საქმეზე იმოქმედებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაზარალებულებს ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი საქმის გამოძიების მასალებს დეტალურად და სრულყოფილად გაეცნონ, გადაიღონ მისი ასლები და ეს შეზღუდული უფლებები შეიცვალოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ 2010 წლიდან, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, დაზარალებულის უფლებები შეიკვეცა და პროკურატურამ დაზარალებულებს საქმის მასალების გადაცემის უფლება მოუსპო. მისი თქმით, ფაქტობრივად ადეიშვილმა თავის დროზე საერთოდ გააუქმა დაზარალებულის ცნებაც კი, ხოლო ამ ხელისუფლებამ ეს უპრობლემოდ გადმოიბარა. ამის მიზეზი, ცოტნე გამსახურდიას აზრით, ისაა, რომ პროკურატურას სურდა ჰქონოდა დაზარალებულის ზურგს უკან საშუალება, რომ ნებისმიერი სამართლებლივი შედეგი დაეყენებინა და დაზარალებულის უფლებების ნაცვლად საკუთარი ინეტერსები დაეკმაყოფილებინა. ეს კი ხშირად იმით სრუდებოდა, რომ დამნაშავე ფულს იხდიდა და პროკურატურას დაზარალებულის უფლებები სულაც არ აღელვებდა”, - დასძენს გამოცემა.

“ამ ხელისუფლებამ ეს პრაქტიკა შესანიშნავად მოირგო და დღემდე ასე გრძელდება. ჩვენს ოჯახს და ადვოკატებს არავითარი საშუალება არ გვაქვს, საქმის მასალების არათუ ასლები გადავიღოთ, არამედ სადღაც პროკურატურის პატრა სარდაფში, ზედამხედველობის ქვეშ, იძულებულები ვართ, მრავალტომიანი მასალებიდან ამონაწერები ხელით ვაკეთოთ. ყოველნაირ ადეკვატურ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. სტრასბურგის სასამართლო იქნება ეს თუ სხვა ორგანოები, კვალიფიციურად სარჩელის შედგენის შესაძლებლობა არ გვაქვს. თუკი საქმის მასალები ეძლევა ბრალდებულს, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფო გამოდის, რატომ არ უნდა მისცენ დაზარალებულ მხარეს? ეს ხომ აბსურდია. რა შეიძლება გააკეთოს დაზარალებულმა ამ საქმის მასალებით ისეთი, რომ გამოძიების ინტერესები დააზარალოს - ანუ, საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდეს?!” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ცოტნე გამსახურდია.

“მისივე თქმით, ზვიად გამსხურდიას დაღუპვის საქმის გამოძიებაში არის რიგი საკითხები, რაც გარკვეულწილად სიახლედაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა საქმეში ასევე არის პროკურატურის მიერ უხარისხოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, სადაც არ ხდება მტკიცებულებების ჯეროვნად შეფასება, შეპირისპირება, ანალიზი და ამ ყელაფერზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა. გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცახდებასაც აფასებს და ამბობს, რომ მისი განცხადება პირველი პრეზიდენტის მკვლელობის არგამოძიებაზე უცნაურია. პრეზიდენტის შვილი ამბობს, რომ სასამართლოც და პროკურატურაც მისია და საქმის გამოუძიებლობას ვის ეკითხება, გაუგებარია. მისივე შეფასებით, ეს განცხადება ალბათ ისევ და ისევ პოლიტიკური კონტექსტიდან არის წამოწეული და თუკი მათ რაიმეს გაკეთება უნდათ, ოჯახი უარს არაფერზე ამბობს. გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგამდეც წავიდეს და ამბობს, რომ ამას დრო აჩვენებს”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა