„ადვოკატთა ასოციაცია“ - ადვოკატ პაატა ნაკაიძის საადვოკატო ბიუროში, სამოქალაქო  ტანსაცმლიანი პირები შეიჭრნენ და იქ მყოფი კლიენტი ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ბათუმში ადვოკატ პაატა ნაკაიძის საადვოკატო ბიუროში, სამოქალაქო ტანსაცმლიანი პირები შეიჭრნენ და ოფისში მყოფი კლიენტი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ადვოკატმა პაატა ნაკაიძემ ასოციაციას თავად მიმართა.

„ადვოკატის განმარტებით, 2019 წლის 29 მარტს, ბათუმში, მის საადვოკატო ბიუროში, კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესში, ოფისში უხეში ფორმით სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პირები შეიჭრნენ, რომლებმაც მოქალაქე ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის განმარტებით, სამართალდამცავებს წინააღმდეგობას ისედაც არავინ უწევდა და უფრო მეტიც, ისინი წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ მოქალაქე ნებაყოფლობით აპირებდა პოლიციის განყოფილებაში მისვლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, პოლიციელების მხრიდან ძალის უხეშმა დემონსტრირებამ საადვოკატო ბიუროში გამოიწვია არეულობა და ქაოსი, რითაც საფრთხის ქვეშ დადგა იქ მყოფი პირების, როგორც უსაფრთხოება, ისე კლიენტისა და ადვოკატის კომუნიკაციის კონფიდენციალურობა. ადვოკატს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში.

„ადვოკატ პაატა ნაკაიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებსა და ძალის დემონსტრირების საქმეში, სავარაუდოდ, დაზარალებულად ცნობილი პოლიციელიც მონაწილეობდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული ინციდენტი და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპების, კერძოდ - დამოუკიდებლობის, კლიენტთან კომუნიკაციის თავისუფლებისა და კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევას. ისინი მოუწოდებენ, საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლონ ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის და საადვოკატო ბიუროში ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტები და მოახდინონ დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ადვოკატთა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად - დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა