გია ჟორჟოლიანის შეფასებით,  შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში სამარცხვინო მდგომარეობაა

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში სამარცხვინო მდგომარეობაა.

როგორც ჟორჟოლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამ სფეროში არსებული რეგულაციები არასაკმარისია, ხოლო აღსრულება - არასათანადო.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რაც 31 მარტს დატრიალდა ჭავჭავაძის გამზირზე. ეს ამბავი უკვე პერმანენტულ ხასიათს იღებს და აშკარაა, რომ აქ, ამ სფეროში არსებული რეგულაციები არასაკმარისია და აღსრულება არასათანადო. არსებული წესების არაეფექტურობა ეჭვს აღარ იწვევს. მინდა, ყურადღება მივაპყრო არა მარტო საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, არამედ, მთელი ჩვენი საზოგადოების მიერ არ და ვერ გაცნობიერებას პრობლემის, შრომის უსაფრთხოებისა და ზოგადად, ეკონომიკაში შრომის როლს. ეს არ არის აქტუალური თემა ჩვენს პოლიტიკურ დისკურსში, ჩვენს საზოგადოებრივ დისკურსში და ნუ ველოდებით, რომ ეს საკითხი გადაწყდება არასათანადო საზოგადოებრივი ყურადღებისა და შესაბამისი აქტუალობის მოპოვების გარეშე. ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საკითხის მოწესრიგების ნამდვილად არის ის ლეგიტიმური პროტესტი, რომლის მომსწრენიც ჩვენ გუშინ ვიყავით“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე განცხადებით, შრომის პირობების რადიკალური გაუმჯობესების და ღირსეული შრომის პირობების ჩამოყალიბების და დამკვიდრების გარეშე ჩვენს ეკონომიკას განვითარება არ უწერია.

„მუდმივად ვლაპარაკობთ ინვესტიციებზე და გვგონია, რომ მხოლოდ კაპიტალი ავითარებს ეკონომიკას, ეს მცდარი პოზიციაა, მცდარი შეხედულებაა. ეს მარტივად შეიძლება გაქარწყლდეს თუკი ვნახავთ თუნდაც შევადარებთ შრომის ანაზღაურების წილს განვითარებული, ეფექტური ეკონომიკის ქვეყნებში გამოშვებულ პროდუქციაში და საქართველოს მდგომარეობას. ეს ორჯერ და მეტჯერ უფრო დაბალია საქართველოში, ვიდრე სხვაგან. შრომის პირობების რადიკალური გაუმჯობესების და ღირსეული შრომის პირობების ჩამოყალიბების და დამკვიდრების გარეშე ჩვენს ეკონომიკას განვითარება არ უწერია. ჩვენ ამ მდგომარეობას ვერ გამოვასწორებთ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დეპუტატმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფს, რომლებმაც გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს.

„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენი, „სოციალ-დემოკრატების“ სახელით იმ ახალგაზრდებს და ორგანიზაციებს, რომელთაც ეს პროტესტი გამოხატეს და ცდილობენ, რომ მთავრობის და საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ ამ რბილად რომ ვთქვათ უმძიმეს პრობლემას, ჩემის აზრით კი, სამარცხვინო მდგომარეობას, როდესაც ასეთი ვითარებაა შექმნილი შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო „სოლიდარობის ქსელს“, ახალგაზრდების ორგანიზაციას, რომელიც დაუღალავად იბრძვის შრომის უფლებების სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის. მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ პროტესტთან ერთად აქტიურად ვითანამშრომლოთ, როგორც საპარლამენტო ფუნქციაში, კანონების, რეგულაციების შემუშავებაში, ასევე ზედამხედველობის მიმართულებით, მაგრამ ასევე მინდა ვუთხრა მათ, მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ საზოგადოებრივი აქტივობის სფეროშიც“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა