ბრიტანელმა მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინო იაპონიაში წარადგინა

ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში, ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინის სემინარი „რატომ არის ქართული ღვინო მნიშვნელოვანი“ გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინის მნიშვნელობაზე, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ ჯიშებზე ისაუბრა.

ინგლისელმა მწერალმა ყურადღება ქართული ღვინის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ენდრიუ ჯეფორდმა აღნიშნა, რომ საქართველომ შემოიტანა ახალი კატეგორია, როგორიცაა ქვევრის ღვინო.

სემინარზე, რომელსაც იაპონელი ღვინის ექსპერტები ესწრებოდნენ, სადეგუსტაციოდ შემდეგი ქართული ღვინოები: „წინანდალი 2016“ (წინანდლის ძველი მამული), „ხიხვი, ქვევრი 2017“ (შალვინო), „მწვანე, ქვევრი, იბერიული 2016“ (შუმი), „კრახუნა, ქვევრი 2015“ (მეღვინეობა ხარება), „თავკვერი 2016“ (შატო მუხრანი), „ქვევრი, საფერავი 2017“ (თელედა/ორგო), „თამადა, დიდებული რეზერვი, წითელი საფერავი 2014“ (GWS) იყო წარმოდგენილი.

ენდრიუ ჯეფორდი საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი. საკუთარ შეფასებებში ის ქართულ ღვინოს „მაღალი ხარისხის ღვინოდ“ მოიხსენიებს. იგი თვლის, რომ ღვინო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია.

„ვინ იტყვის უარს იმ ქვეყნის ღვინის დაგემოვნებაზე, რომელიც ღვინის სამშობლოა და რომელსაც რვაათასწლიანი ღვინის ისტორია აქვს” - აღნიშნავს ენდრიუ ჯეფორდი.

ენდრიუ ჯეფორდის ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა