„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ - ქართველი მოსწავლეების გამოგონება მედიცინასა და ბიოლოგიაში ინოვაციური ნაბიჯია

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მოსწავლეების პროექტმა “ბარნის სმარტ ლაბირინთი" გაიმარჯვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, ახალი გამოგონება შესაძლებელს ხდის, შემოწმდეს მეხსიერებაზე ახალი მედიკამენტის გავლენა და დადგინდეს, რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდის „ობერტონი“ წევრები არიან: სოფიო ჩიხლაძე (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია), მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია (სკოლა აია-ჯესს) და იონა იობიძე (ქუთაისის სკოლა პროგრესი).

„ამ იდეის გარშემო ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუმრობის შემდეგ გავერთიანდით, სადაც ბიოლოგებმა გვაჩვენეს ბარნის ლაბირინთზე ჩატარებული ცდები და აგვიხსნეს, შედეგების მისაღებად რამდენად დიდი შრომის გაწევა იყო საჭირო. ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ ავტომატიზებული გაგვეხადა ბარნის ლაბირინთი. მოგეხსენებათ, დაავადებები როგორ სწრაფად ვრცელდება, მათ აღმოსაფხვრელად დრო ცოტაა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი რამ, რაც გააადვილებდა კვლევებს და ზუსტ და მარტივ შედეგს მოგვცემდა“, - იხსენებს მარიამ გამრეკელაშვილი.

გუნდი ახლა NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც ერთკვირიან სასწავლო პროგრამას გაივლიან. პროგრამა, სასწავლო კომპონენტის გარდა, მოიცავს NASA-ს მუზეუმების, გამოფენების დათვალიერებას და ვიზიტს ისეთ ცენტრებსა და ლაბორატორიებში, რომლებიც დახურულია ვიზიტორებისთვის.

„სამომავლოდ, თუ იქნება დაინტერესება, ვაპირებთ კონკრეტულ ლაბორატორიებში დავნერგოთ ჩვენი მოწყობილობა და იქაურ პირობებს მოვარგოთ სტაციონარული სახით, რომ უკვე მეცნიერებმა გასმოცადონ ბარნის სმარტ ლაბირინთი,“- აღნიშნა სოფიო ჩიხლაძემ.

ჯილდოს გარეშე არ დარჩენილან არც მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები- ისინი საინჟინრო და ტექნოლოგიურ საერთაშორისო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას.

კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებით უნარების განვითარება მნიშვნელოვანია.

„სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც გახლავთ უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილი და ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას“, - აცხადებს როს უილსონი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. წელს კონკურსში მონაწილეობა 400-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის საბოლოო, მესამე 13 გუნდი გადავიდა. წელს კონკურსის პარტნიორია „თიბისი“, ტექნოლოგიური მეგობარი - სილქნეტი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა