გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს ემილ კარანიკოლოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელთა შორისაც თანამშრომლობა არაერთ მიმართულებას მოიცავს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის დაახლოების პროცესის ხელშეწყობას და სხვ. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩოებში.

გიორგი ქობულიამ ბულგარელ კოლეგას საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, რომლის გამოც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ეკონომიკა რეგიონის ერთ-ერთ დინამიურად ზრდად ეკონომიკებს შორის დასახელდა. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს რეგიონში და მათი გადაჭრის გზებზე, მათ შორის, ურთიერთთანამშრომლობის კონტექსტში. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2018 წელს ვაჭრობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 29 პროცენტით გაიზარდა და 440 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ამ მაჩვენებლით ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის მე-9 პოზიციაზეა. ასევე 39 პროცენტით გაიზარდა ბულგარეთში საქართველოს ექსპორტი. ამავე დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო კავშირები უნდა განვითარდეს.

შეხვედრის დროს აღინიშნა ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით ბიზნეს ფორუმის ორგანიზების მნიშვნელობის შესახებ. ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რომელთაც ქართველ მწარმოებლებს აძლევს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რათა მათ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც არაერთხელ დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგით, რომელმაც 2019 წელს საქართველო მე-6 პოზიციაზე განათავსა. საქართველოში ბულგარული ინვესტიციებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2018 წელს ბულგარეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 89 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ ბულგარელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. განსაკუთრებით ხაზი გაესვა არსებული საავტომობილო და სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის შემდგომ განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათი გავლით შეუფერხებელ სატრანსპორტო ოპერაციების წარმოებას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა