კობა გვენეტაძე რომან გოცირიძეზე - ჩემთვის ფრიად გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს

„ჩემთვის ფრიად გასაკვირია თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს ამ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ რომან გოცირიძე იკავებდა.

გვენეტაძის განცხადებით, როდესაც ბანკიდან მისი დამფუძნებელი ფულს იღებს სესხის სახით და აღარ აბრუნებს, ამას ბანკის მეანაბრეების თანხის საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, რა ჰქვია ამ ყველაფერს პოპულარული ენით, ამის თქმას პარლამენტის ტრიბუნიდან არ იკადრებს.

„ჩემი წინამორბედის საქმიანობა არასოდეს შემიფასებია, მაგრამ დღეს კი უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს, მაშინ როდესაც ბანკის კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია. ამაზე უკეთესი ბერკეტი ელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ.

ასევე ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა ფართო საზოგადოება. მან განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა თავიანთი ბაკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული კაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც თითქოსდა ჩვეულებრივი მოვლენაა. განვუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილის გაყიდვით ან დივიდენდის სახით. ხოლო თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს ამავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება, ამას ბანკის მეანაბრეების თანხის საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. და თუ რა ჰქვია ამ ყველაფერს პოპულარული ენით, ამას ამ ტრიბუნიდან არ ვიკადრებ და შეფასება თქვენთვის მომინდვია. ასეთი ქმედება კანონმდებლობით მაშინაც აკრძალული იყო და ახლაც აკრძალულია,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი