ეკა ბესელია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის ინიციატივის ჩაგდებაზე - აშკარად ინტერესთა ლობირება მოხდა იმ კომპანიებისა და ჯგუფებისა, რომელთაც ეს ბიზნესი აქვთ

მთავრობის შიგნითაც და პარლამენტის თავმჯდომარეც არ იყო თანახმა ამ კანონპროექტის მხარდაჭერის. აშკარად, ინტერესთა ლობირება მოხდა იმ კომპანიებისა და ჯგუფებისა, რომელთაც ეს ბიზნესი აქვთ. მათ ბუნებრივია, პარლამენტში თავიანთი ლობისტები ჰყავთ, - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ ბიზნესს პარლამენტის წევრები ლობირებენ.

„დღეს უმრავლესობამ ის კანონპროექტი ჩააგდო, რომლის ინიციატორიც მხოლოდ ლევან გოგიჩაიშვილი არ იყო. ერთის მხრივ, ეს იყო ინტერესთა ლობირება ამ ბიზნესის მიმართ, რაც გამოჩნდა და მეორეს მხრივ, არ გამოვრიცხავ, იმ ფაქტორსაც,რომ რადგან ლევანს მიჰყავდა ეს თემა და ის იყო ამ თემის წინა ხაზზე, მის მიმართაც იყო ალბათ, პროტესტი გამოთქმული. თუმცა, გოგიჩაიშვილმა კარგი განცხადება გააკეთა, დაივიწყეთ, რომ მე ვარ ამ საკითხზე მომხსენებელი, ეს უკანა პლანზე გადავდოთ და ვიფიქროთ მოსახლეობის სურვილზეო.

ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი იყო აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეკლამის აკრძალვის საკითხი. ის, რაც ჩვენთან ხდება ქვეყანაში, მაგალითად, აეროპორტიდან რომ შემოდიხარ, თვითმფრინავიდან ფეხს, რომ დაადგამ საქართველოს ტერიტორიაზე, პირველი გხვდება რეკლამები აზარტული თამაშების, კაზინოების და ა.შ.. გასაგებია, ამას ერთი მხარე, ბიზნესის და ეკონომიკური დატვირთვის შინაარსი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, არის საჭირო რეგულაციები, რომელიც საზოგადოებას სჭირდება იმისთვის, რომ დაიცვა ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები, არასრულწლოვნები და მათ შორის, სრულწლოვნებიც, როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია, რომ ამ ტიპის ცდუნებებით არ გაიუბედურონ ცხოვრება.

გარდა ლევან გოგიჩაიშვილისა, რომელიც ამ კანონპროექტის ჩაგდების მიზეზი გახდა უმრავლესობის მხრიდან, კანონპროექტს ხელს აწერს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი. თავის დროზე, როცა იურდიული კომიტეტი უფრო ფართო მაშტაბით მუშაობდა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ლევანს განსაკუთრებული როლი აქვს ამ პროცესში, ბევრს შრომობდა, ჩვენი ამოცანა იყო რეგულაციების გზით წავსულიყავით გარკვეული აკრძალვებისკენ, რომ დაგვეცვა საზოგადოება, განსაკუთრებით, ყველაზე დაუცველი ფენა.

აშკარად, ინტერესთა ლობირება მოხდა იმ კომპანიებისა და ჯგუფებისა, რომელთაც ეს ბიზნესი აქვთ. მათ ბუნებრივია, პარლამენტში თავისი ლობისტები ჰყავთ“, - განაცხადა ბესელიამ.

ტელეწამყვანის კითხვაზე, თუ ვინ ლობირებს აღნიშნულ ბიზნესს, ბესელიამ ასე უპასუხა:

„აი, ვინც არ მისცა ხმა. ალბათ, დიდი ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის შიგნითაც და პარლამენტის თავმჯდომარეც არ იყო თანახმა ამ კანონპროექტის მხარდაჭერის. მცდელობაც იყო, ლევანს უკან გაეტანა ეს ინიციატივა, უარი ეთქვა კენჭისყრაზე“, - განაცხდა ბესელიამ.

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით ჩავარდა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა