Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების ფასი ცნობილია. ორგანიზატორების ინფორმაციით, დღიური ბილეთის ღირებულება 60 ლარია, აბონემენტის ფასი კი 145 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, ფესტივალის პირველი კალათის ბილეთები და აბონემენტები 8 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით გაიყიდება.
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 1 ივნისიდან ყოველდღიური ბილეთებისა და აბონემენტების ღირებულება გაიზრდება. შეძენა შესაძლებელია მისამართზე www.tkt.ge/OpenAir და ფილარმონიის სალაროებში.
„Tbilisi Open Air 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics by Riktam, მწვანე ოთახი.
Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.
ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება. ასევე, ქართველი არტისტები - MokuMoku, LOUDspeakers. 22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, „მწვანე ოთახის“ მოსმენას შეძლებთ. 23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმღერებენ.
EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც მეორე წელია Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს. 21 ივნისს EYESTAGE-ზე Tobias.-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, 23 ივნისს კი - Andrey Pushkarev და Matthew Dekay.
Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს - Pixel, ხოლო 23 ივნისს - Freedom Fighters.
Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს ეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს. Singer Stage-ზე 21 ივნისს დღისით პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარსდგება, 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს. 23 ივნისს Singer Stage-ზე მოისმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს“. - ნათქვამია ინფორმაციაში.